ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის მისასალმებელი გადაწყვეტილებაა - დარჩიაშვილი

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის მისასალმებელი იქნებოდა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მის მოქალაქეებს პირდაპირი ფრენების შესაძლებლობას მისცემდა. ამ კომენტარით გამოეხმაურა მინისტრი რუსეთის პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ნებისმიერი ქვეყანა თავად წყვეტს, რომელი ქვეყნის მოქალაქეებს დაუწესოს უვიზო რეჟიმი და რომელი ქვეყნისთვის მოხსნას. მინისტრის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები ყოველთვის არის ჩვენი საზრუნავი, მათ შორის ამ შემთხვევაში. მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელთაც აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი ადამიანებთან, მათ ახლობლებთან, ნათესავებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, სწორედ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი. გადაწყვეტილება გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ყოფით პირობებს და საშუალებასმისცემს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შეძლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია, მიმოსვლა“, – ამბობს ილია დარჩიაშვილი.


რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის  განკარგულების მიხედვით, რუსეთი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას აუქმებს. ასევე, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში პირდაპირი ფრენის აკრძალვაც მოხსნა.

რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 15 მაისიდან გაუქმდება. საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება 90 დღემდე ვადით შეეძლებათ.

რაც შეეხება რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენაზე აკრძალვის მოხსნას, უკვე გამოქვეყნდა ვლადიმერ პუტინის შესაბამისი ბრძანება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება საქართველოში ფრენის აკრძალვის შესახებ ძალადაკარგულად გამოცხადდა.

რუსული ავიაკომპანიები მოსკოვიდან თბილისში, კვირაში 7 პირდაპირ რეისს შეასრულებენ. ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ  რუსულ მედიას უთხრა.