“TV პირველის” ეთერში პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ დღეიდან ამოქმედდა ახალი წესი და ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე განთავსდება კარანტინში. კარანტინში მყოფ პირს შეეძლება თვითიზოლაციაზე განაცხადის გაკეთება, შესაბამისი სამსახურები შეამოწმებენ თვითიზოლაციის ადგილს და თუ ის დააკმაყოფილებს პირობებს, მას კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადასვლა შეეძლება.
“დღეს პირველად გაგვიჩდნენ ავადმყოფები აშშ-დან, ამიტომ დღეს უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე იქნება კარანტინში. თვითიზოლაციის წესი დარჩება, თუმცა მკაცრი გადამოწმების შემდეგ. იყო ქვეყნები, საიდან შემოსულებიც კარანტინს არ გადიოდნენ და რეკომენდაცია პირდაპირ იყო თვითიზოლაციაზე. ამჟამად ყველა ქვეყნიდან შემოსული ჩვენი მოქალაქე წავა კარანტინში და იმის შემდეგ, თუ აკამყოფილებს პირობებს, რომელიც მოეთხოვება თვითიზოლაციაში, მოხდება გადაყვანა. დღევანდელმა შემთხვევაც აჩვენა, რომ ზოგს ისე ესმის, რომ ოჯახი კია იზოლაციაში, მაგრამ ერთმანეთთან იზოლაციაში არ არიან და ამიტომ ვიჭერთ პირდაპირ ოჯახურ შემთხვევებს. ერთმანეთსაც უნდა მოერიდნონ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები და ერთმანეთისგანაც უნდა განცალკვედნენ”, – განცხადა პაატა იმნაძემ.
დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით 44 პირია ინფიცირებული. საქართველოს საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაკეტილია.