ნებისმიერი რამ, რაც ყოფს საქართველოს და უკრაინას, სარგებელს აძლევს რუსეთს - დეგნანი

პუბლიკა

„არ მსურს, არესტოვიჩის ნაცვლად გავცე პასუხი, იგი არის უკრაინის მთავრობის წევრი. მე გეტყვით აშშ-ის პოზიციას – ჩვენ თანიმდევრულად და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ვწევთ ყველანაირ ძალისხმევას, რომ საქართველომ მიაღწიოს თავის ამ მიზნებს“, – აღნიშნა  საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადების შესახებ.

„ვფიქრობ, ახლა არსებობს რეალური შესაძლებლობა ამისა, თუკი ლიდერები შეთანხმდებიან და გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რაც აუცილებელია 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის. ამისთვის ასევე მნიშვნელოვანია ფართო და ინკლუზიური ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების, სხვადასხვა დაინტერესებული მხარის, რათა ევროკავშირმა დაინახოს ეს მზაობა. სწორედ ეს არის საჭირო, რომ მოხდეს სრული ინტეგრაცია და ეს ნაბიჯები არის გადასადგმელი“, – განაცხადა კელი დეგნანმა. [„პირველი არხის“ თარგმანი]

ამასთან, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „ნებისმიერი რამ, რაც ყოფს საქართველოს და უკრაინას ან ხელს უწყობს უთანხმოებას საქართველოსა და უკრაინას შორის, სარგებელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს“.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის თქმით, საქართველოში რუსების დიდი რაოდენობით შემოდინება პრობლემაა, „საქართველოს „პრორუსულ ხელისუფლებას“ კი გადაწყვეტილებების მიღების უნარი არ აქვს.

ამიტომ არესტოვიჩის თქმით, მათ მოუწევთ ქართველების გადარჩენა და ძალის პროეცირება. მისი თქმით, სხვადასხვა გზით შეიძლება მოლდოვის, საქართველოს, სომხეთის დახსნა.