საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 22 აპრილს Faebook-ზე დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტისგან მიიღო შეთავაზება, გახდეს ვიცე-პრემიერი რეფორმების დარგში.
ამასთან დაკავშირებით, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თუ უკრაინის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამ ნაბიჯს საქართველოს მხრიდან რეაქცია მოჰყვება. გახარიას თქმით, თუ უკრაინა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ისინი საქართველოს ელჩს უკრაინიდან „როგორც მინიმუმ, კონსულტაციისთვის გამოიწვევენ“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ელჩის გამოწვევის მუქარა მხოლოდ ომის წინა პერიოდში ხდება ან ისეთი კრიზისის დროს, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს საფრთხის ქვეშ აყენებს.
„ეს არის კლინიკური იდიოტიზმი, არასახელმწიფოებრივი ქცევა და იმის ნათელი დიაგნოზი, რა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკა, როდესაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტის თავისუფალ არჩევანს, უკრაინის პრეზიდენტის თავისუფალ არჩევანს აპროტესტებს დედამიწის ზურგზე მხოლოდ ორი სახელმწიფო – რუსეთის ფედერაცია და საქართველო”, – განაცხადა ვაშაძემ „მთავარის” ეთერში.
„ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას პოზიციით კი, ნებისმიერი საუბარი უკრაინიდან ელჩის გამოწვევაზე არის „მავნებლობა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ”.
„არ შეიძლება, პოლიტიკურ ან პერსონალურ დაპირისპირებას ქვეყნის ინტერესები გადააყოლო. ამავე დროს, მინდა მოვუწოდო ივანიშვილის მთავრობას, ასევე ყველა ოპოზიციურ ძალას და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს: უკრაინის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური ამბები, დანიშვნა-არდანიშვნა არ უნდა იქცეს არანაირ საკითხად და თემად საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში, ამან შეიძლება ავნოს ორი ქვეყნის ურთიერთობას”, – აცხადებს გიგა ბოკერია.