დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) პრეზიდენტი, დეიმონ უილსონი „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიციირებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ კანონის მობრუნება, არის სამოქალაქო საზოგადოების შეურაცხყოფის მცდელობა და არ შეესაბამება საქართველოს ძალისხმევას შეუერთდეს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ საზოგადოებას.
„რუსული სტილის „უცხოელი აგენტების შესახებ” კანონის მობრუნება, თითქმის 1 წლის შემდეგ, რაც ის ქართველმა ხალხმა უარყო, არის სამოქალაქო საზოგადოების შეურაცხყოფის მცდელობა და არ შეესაბამება საქართველოს ძალისხმევას შეუერთდეს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ საზოგადოებას“, – წერს უილსონი.
„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს. მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.
რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.
პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.