„ნეიტრალიტეტი მავალდებულებს, რომ პოლიტიკური შეფასებები არ გავაკეთო“ - კანდიდატის გასაუბრება პარლამენტში

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორობის ერთ-ერთ კანდიდატთან, ლელა ჯანაშვილთან გასაუბრება დასრულდა.

დეპუტატების შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების პროცესს, ლონდა თოლორაიას საკონსტიტუციო სარჩელს, უკანონო მოსმენებს, მედიის რეგულირებას. დეპუტატები დაინტერესდნენ, როგორ ხედავს კანდიდატი მიმდინარე მოვლენებს, გამოუთქვამს თუ არა საჯაროდ აზრი ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე და რა აძლევს მას იმის გარანტიას, რომ ლონდა თოლორაიას სამსახურის გაუქმების კონტექსტში, თვითონაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იქნება უფლებამოსილების ვადის ბოლომდე.

ლელა ჯანაშვილის განცხადებით, თუკი მას პარლამენტი დაუჭერს მხარს, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში იხელმძღვანელებს ისეთი პრინციპებით, როგორიცაა დამოუკიდებლობა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ობიექტურობა, სამართლიანობა, კონფიდენციალურობა, საიდუმლოს დაცვის პრინციპი და ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.

კანდიდატის თქმით, მის მიმართ იყო შეკითხვები, როგორ გაუმკლავდება სისტემას და აქვს თუ არა სისტემასთან ბრძოლის უნარი. ჯანაშვილის მტკიცებით, ეს ერთგვარი მოტივაციაა მისთვის.

„2020 წელს გავხდი ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის ექსტრაორდინარული დოქტორი, რომელსაც ანიჭებენ ისეთ პირს, რომელსაც განსაკუთრებით მამაცურად აქვს  განვლილი კარიერა“, – განაცხადა ჯანაშვილმა.

ჯანაშვილის განცხადებით, დაისვა შეკითხვები, რომლებიც მისგან გარკვეული პოლიტიკური პროცესების შეფასებას მოითხოვდა.

„პოლიტიკურ და მორალურ შეფასებებს როდესაც ითხოვთ ჩემგან,  მე შემიძლია, რამდენიმე კუთხით გაგცეთ პასუხი. მე შემიძლია, სრულად დაგეთანხმოთ და გავიზიარო თქვენი შეხედულებები ამ საკითხებზე და მეორე – მე შემიძლია სამართლებრივი არგუმენტებით უარვყო აქ გამოთქმული მოსაზრებები, მაგრამ მე არცერთს გავაკეთებ და არც მეორეს, იქიდან გამომდინარე, რომ მე მაქვს პრეტენზია, დავიკავო პერსონალურ მონაცემთა სამსახურის უფროსის თანამდებობა… გეთანხმებით თუ არ გეთანხმებით, ორივე მხარე საკმარისად არგუმენტირებულია აღნიშნულ შემთხვევაში და ერთგვარად ჩვენ დავემსგავსებით სემანტიკური ანტინომიის კლასიკურ მაგალითს, რომელიც შეიძლება სახელმძღვანელო გახდეს სამართლის მეცნიერებაში.

აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი მავალდებულებს, რომ პოლიტიკური შეფასებები არ გავაკეთო, ამასთან დაკავშირებით პასუხს ვერ გაგცემთ“, – განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.

„შეფასება, მე რა მომწონს და რა არ მომწონს, ვფიქრობ, არ იქნება რელევანტური“, – განაცხადა მან.

ლონდა თოლორაიას საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით კანდიდატმა განაცხადა, რომ „როდესაც საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის იურისდიქციაში, ყველა უნდა დაველოდოთ და დავემორჩილოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას“. ჯანაშვილის თქმით, უმჯობესი იქნება, თუ სასამართლო დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პროცესები სამართლებრივად წარიმართოს.

ლელა ჯანაშვილმა განაცხადა, რომ 2018 წელს, როცა იუსტიციის სამინისტრომ სახელმწიფო ინსპექტორის შექმნის კანონპროექტი წარადგინა, მას სკეპტიკური მოსაზრება გაუჩნდა.

მისი თქმით, სკეპტიციზმის საფუძველი იყო ის, რომ ერთი უწყების კონტროლქვეშ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლი და საგამოძიებო ფუნქცია რისკს შეიცავდა.

„იყო ერთგვარი საფრთხე, რომ, ერთი მხრივ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, რომელიც ახორციელებს კანონიერების დაცვას პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე, მათ შორის პროკურატურის ორგანოებში და, მეორე მხრივ, პროკურატურის ორგანოები მას უწევენ პროცესუალურ ზედამხედველობას საგამოძიებო პროცესის წარმართვაზე. ეს გაყოფა მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რომ ამაღლდეს ორივე სამსახურის, ამ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და ნეიტრალიტეტის ხარისხი“, – განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე ლელა ჯანაშვილის პოზიციაა, რომ ეს არის „დემოკრატიულ საზოგადოებაში დაუშვებელი და არასასურველი“ და რომ უნდა დაველოდოთ მიმდინარე გამოძიებას.

რაც შეეხება შეკითხვას ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, ჯანაშვილი პასუხობს, რომ როდესაც კანდიდატად თავის წარდგენა გადაწყვიტა, პირველ რიგში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობით დაინტერესდა.

„აქ კითხვა იყო დასმული, როგორ განვახორციელებ ჩემს საქმიანობას, თუ ამირჩევენ – პირველ რიგში, დავიწყებ სამართალდამცავი ორგანოებით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის შესწავლით“, – განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.

შეკითხვების დაზუსტების ეტაპზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ლელა ჯანაშვილს ფაქტობრივად იგივე შეკითხვები გაუმეორეს, რადგან მათი პოზიციით, კანდიდატისგან პასუხები ვერ მიიღეს.

„ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ხვალ გასაჯაროვდება თანამდებობის პირთან დაკავშირებული უკანონო ჩანაწერები. მან კანდიდატს მეტი გამბედაობისკენ მოუოწოდა.

„სანამ თქვენი გასაუბრება მიმდინარეობს, ერთი მნიშვნელოვანი ჟურნალისტი მთხოვს, რომ კომენტარი გავაკეთო. ხვალ მნიშვნელოვანი თანამდებობის პირის ახალი უკანონო ჩანაწერები გასაჯაროვდება, რომელსაც უკანონოდ უსმენდნენ. ხვალ გავიგებთ ყველა ამის შესახებ. ეს არის დღეს ქვეყანაში გამოწვევები. ძალიან გთხოვთ, გაბედოთ და გამოწვევებს სახელი დაარქვათ თქვენს პასუხებში“, – თქვა ნაცვლიშვილმა.

დამაზუსტებელ შეკითხვებზე პასუხის ეტაპზე ლელა ჯანაშვილმა ოპოზიციის შეკითხვების ძირითადი ნაწილი უპასუხოდ დატოვა და მხოლოდ მისი მომავალი სამსახურის ტექნიკური მხარის გაუმჯობესებაზე ისაუბრა.