რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ იცრუა „ნეიტრალურ სტატუსზე“ მოლაპარაკების შესახებ. მისივე თქმით, რუსეთის პოზიცია ცხადი იყო, რომ ნატოს გაფართოება მიუღებელია. მიუხედავად ამისა, რუსეთის ფედერაციამ ყურადღება გაამახვილა ისეთ პერსპექტივაზე, რომელიც მისაღები იქნებოდა უკრაინისთვის, ევროპული ქვეყნებისა და რუსეთისათვის, თუმცა ამაზე უარი მიიღო.
„უკრაინის პრეზიდენტი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ რუსეთმა უარი განაცხადა დიალოგში მონაწილეობაზე. მან თავად გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა, რომ საუბარი დაწყებულიყო უსაფრთხოების გარანტიებზე“, – განაცხადა ლავროვმა.
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი ვერ უგულებელყოფდა დონეცკისა და ლუჰანსკის თხოვნას, დახმარების შესახებ. მისი თქმით, რუსული სპეცოპერაცია დონბასში წარმატებულია, ამიტომ უკრაინელებს შეეძლებათ, აირჩიონ თავიანთი მომავალი „მას შემდეგ, რაც არსებული რეჟიმის წნეხისგან გათავისუფლდებიან“.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას ყოველთვის ჰქონდა და ახლაც ტოვებს სივრცეს მოლაპარაკებისთვის.
მათ შორის, პოდოლიაკის თქმით, შეუძლიათ მოლაპარაკება ნეიტრალურ სტატუსზეც, მაგრამ მთავარი კითხვა ისაა, ამ შემთხვევაში როგორ მიიღებს უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს. ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა.
„უკრაინა ყოველთვის ტოვებდა და ახლაც ტოვებს სივრცეს მოლაპარაკებისთვის. მათ შორის, მაშინაც კი, როცა რუსეთი სრული მასშტაბით შემოიჭრა ქვეყანაში. საომარი მოქმედებები უნდა დასრულდეს“, – ციტირებს პოდოლიაკის სიტყვებს რუსული მედია.
25 თებერვლის ღამით უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა – „არ გვეშინია ნეიტრალური სტატუსის, მაგრამ ვინ მოგვცემს უსაფრთხოების გარანტიას? რომელი ქვეყნები მოგვცემენ [გარანტიებს]?“.