„ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ჯგუფი „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობას“ და მის სხვადასხვა დანაყოფის მხარდამჭერები“ უნდა გასამართლდნენ.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირების მიხედვით, რომელიც გულისხმობს გვიან, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას, ეს მიზანი ურთულესი მისაღწევი იქნება, სანამ ადამიანთა კონკრეტული ჯგუფი ამ პარტიის მხარდაჭერას და არჩევნებში ამ პარტიისთვის ხმის მიცემას აგრძელებს.
საზოგადოებას დღემდე უჭირს, გაარკვიოს, რა საშუალებით დააჰიპნოზეს ადამიანები იმგვარად, რომ მზად არიან, „ნაციონალური მოძრაობისათვის“ ხმის მიცემის სანაცვლოდ, დანაშაულის თანამონაწილე და სისხლის სამართლის დამნაშავეც კი გახდნენ.
[…] ასეთ ოდიოზურ ფიგურას [სააკაშვილს] რომ კიდევ ხმას აძლევ და ამას შეგნებულად აკეთებ, ეს ნიშნავს, რომ თანამონაწილე და გამზიარებელი ხარ ყველა იმ კრიმინალის, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ჩაიდინეს. დანაშაულში თანამონაწილეობა კი, არა მხოლოდ მორალურად, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა.
[…] თითოეულ ამ ადამიანს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მტრობისა და დაუსრულებელი რყევის გამო. სწორედ ამ სექტის გასამართლებისა და მათი პასუხისმგებლობის დადგომის შემთხვევაში დასრულდება აქამდე არსებული უკიდურესი რადიკალიზაცია და მრავალწლიანი სიარული ერთ ჩაკეტილ წრეზე. როდესაც ამ პოლიტიკურ ბანდიტებს აღარ ექნებათ თუნდაც მცირე რაოდენობის, მაგრამ მაინც საქართველოს მოქალაქეების მიერ მინიჭებული ლეგიტიმაცია, სწორედ მაშინ გაიწმინდება პოლიტიკური სისტემა და ასპარეზზე ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები გამოვლენ.
[…] არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მათი სამართლებრივი მსჯავრდადების პარალელურად, აუცილებლად უნდა დაიწყოს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთა მხილება და გასამართლება“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა, რომ „არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა” მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის განმავლობაში ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა“.