დოროყაშვილის ადვოკატი ჰყვება იმ დღეზე, როდესაც მისი თქმით, ბასილაშვილმა იძალადა

პუბლიკა

„ძალიან ბევრი ადამიანი ენაზე იკბენს, ადრე თუ გვიან ყველა მტკიცებულება გახდება ცნობილი, პირველ რიგში სასამართლოში“, – განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის უფლებადმცველმა ანა აბაშიზემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

ადვოკატის თქმით, თუ ვინმეს პატარა ეჭვი მაინც აქვს, რომ დოროყაშვილი პროვოკატორია, ის ნახავს ვიდეოკადრებს, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი ფიზიკურად ძალადობს.

„ასეთი კადრები არსებობს. ეს ისეთი ვიდეოკადრებია… ჩვენ ხელთ გვაქვს ეს, გამოძიებასაც აქვს, ამას არ გავასაჯაროებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ამის შესახებ ხალხი სასამართლოს გავლით გაიგებს. ეს კადრები აჩვენებს იმას, რომ ბატონი ბასილაშვილი არა ერთხელ, არამედ სისტემურად ძალადობდა, ეს ამძიმებს მის მდგომარეობას და ამას აუცილებლად გაიგებს ხალხი“, – აცხადებს აბაშიძე.

ანა აბაშიძე იმ დღეზე საუბრობს, როდესაც სავარაუდო ძალადობის ფაქტი მოხდა:

„ბატონი ნიკოლოზი მივიდა დედის სახლში, სადაც ბავშვი ეზოში იყო და თამაშობა. ითხოვა წავიყვანო, რაშიც ხელი არავის არ შეუშლია, მისი მონახულების დღე იყო. უბრალოდ ბავშვი არ მიჰყვებოდა მამას და ითხოვდა დედასთან ერთად წასვლას. დედამ უთხრა, რომ გაჰყოლოდა მამას და მოგვიანებით მივიდოდა“

ანა აბაშიძის თქმით, დოროყაშვილმა სოციალურ მუშაკს დაურეკა და უთხრა, რომ ბავშვი მამას არ მიჰყვებოდა, მან სოციალურ მუშაკს სთხოვა ბავშვს გაჰყოლოდა და ურთიერთობაში დახმარებოდა.

„ერთი ღამეც არ დარჩენილა ბავშვი მამასთან. არასოდეს. არანაირი მიჯაჭვულობა არ არსებობს. ბავშვს მამა უხარია, მაგრამ არ დარჩენილა მასთან. სოცმუშაკმა უთხრა, რომ მე არ ჩავერევი ამ ურთიერთობაში, უთხარი, რომ ბავშვს მიაკითხავ და ბავშვი წავა. ასეც მოხდა. ბავშვი მიჰყვება მამას ეზოდან და არის მამასთან. გარკვეული დროის შემდეგ ბატონი ნიკოლოზი ურეკავს ცოლს და სთხოვს, რომ ტანსაცმელი მიაწოდოს შვილს, რომელიც ეზოდან წაიყვანა. ქალბატონმა ნელიმ აიღო ტანსაცმელი, სწორედ ამ მიზნით მიდის ნიკოლოზთან, არ შედის ეზოში, ეძახის, რომ გარეთ გამოვიდეს, რათა გადასცეს სამოსი“, – ამბობს აბაშიძე.

როგორც ადვოკატი ჰყვება, „ბასილაშვილი ბავშვთან ერთად გამოვიდა გარეთ, შვილი მანქანაში ჩასვა, მანქანა დაკეტა და წასვლას აპირებს“. აბაშიძის თქმით, ამ დროს ბავშვმა დედასთან ყოფნა მოითხოვა, აღელდა და ტირილი დაიწყო.

„თვითმხილველი მოწმე იცით ვინ არის? 5 წლის ბავშვი, რომელმაც ეს ყველაფერი ილაპარაკა“

აბაშიძე ჰყვება, რომ როდესაც ბავშვი ითხოვდა დედასთან გადმოსვლას [მანქანიდან], ნიკოლოზ ბასილაშვილი კარს არ უღებდა. „ბავშვი ჩავარდა ისტერიკაში, გახდა ცუდად და დედას გადმოჰყავს ბავშვი. ატირებული, ისტერიკაში მყოფი შეჰყავს ეზოში, რომ ბავშვი დაამშვიდოს და წყალი დაალევინოს. ამ მიზნით შევიდა ეზოში და არანაირი შეჭრა, უკანონო ქმედება არ ყოფილა“.

ანა აბაშიძის თქმით, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილის მამამ დედა-შვილი თავის ეზოში დაინახა, გინება დაიწყო ბავშვისა და დედის მიმართულებით, რომ დატოვონ ეზო.

„ამ დროს ხელში იღებს ნივთს, ემუქრება და მოემართება გინებით, ეს ესმოდა ბასილაშვილსა და იყო ძალიან აღელვებული ამის გამო. ამ დროს დედა კიდებს ბავშვს ხელს, იხუტებს და გამორბის ამ სახლიდან იმიტომ, რომ მუქარაა პრაქტიკულად ფიზიკური დაზიანების. სწორედ ამ გამოსვლის დროს აყენებს მას ფიზიკურ შეურაცხყოფას ბატონი ნიკოლოზი. ბავშვი მათთან ერთად არის ამ დროს და ამ ყველაფერს ჰყვება, მაგრამ ახლა დაკითხვის დეტალებს ვერ მოვყვებით“, – აცხადებს აბაშიძე.

ადვოკატის თქმით, ეს ფაქტი კამერებზე აღბეჭდილი არ არის, რადგან კამერა არ უყურებს ეზოს.


ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული. ის სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ ცოლზე ფიზიკურად იძალადა. პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა. თუმცა 24 მაისს სასამართლოს გადაწყვეტილებით ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს. საქმის პროკურორის თქმით, შემაკავებელი ორდერი ბასილაშვილის მამის წინააღმდეგაც იყო გამოწერილი. საქმეს ომბუდსმენი სწავლობს. თავად ჩოგბურთელი ბრალდებებს უარყოფს.