ნენსი ვოლანდს გამოკითხვაზე დაბარების უწყება გადასცეს

პუბლიკა

დღეს ჯგუფ „დაიტოვეს“ აქტივისტის, ნენსი ვოლანდის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. საგამოძიებო მოქმედება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც საზოგადოებამ ადვოკატ შოთა თუთბერიძის facebook-live-ში ნახა, ჩხრეკის დასრულების შემდეგ ნენსი ვოლანდი შეუძლოდ გახდა, მასთან სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს.

როგორც მოგვიანებით აქტივისტმა განაცხადა, შეუძლოდ ემოციურ ფონზე გახდა, როდესაც დაინახა, რომ დედამისს ორი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული კაცი ეჯაჯგურებოდა.

„ჩხრეკა დასრულებული იყო უკვე, დედაჩემი იღებდა ვიდეოს, უცებ ეცა ორი კაცი და დაუწყეს ჯაჯგური, ტელეფონის წართმევა. ამაზე გავხდი ცუდად. ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და როგორია, როცა დედაშენს უყურებ, ასეთ რაღაცას უკეთებენ“, – ამბობს ის.

მისივე თქმით, ჩხრეკის შემდეგ განყოფილებაში წაყოლა მოსთხოვეს, რაზეც უარი განაცხადა.

ის მის სახლში ჩხრეკას ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებული ანონსის ჯგუფში გავრცელებას უკავშირებს.

აქტივისტის ცნობით, ჩხრეკის შედეგად წაიღეს: „კაშნეები წარწერით – „სუპერძალა ერთობაშია“, აპირებდნენ დროშის წაღებას, მაგრამ მერე მოილაპარაკეს – დროშის წაღება აღარ გვინდაო. წაიღეს ჩემი პირადი ტექნიკა, ტელეფონი, „აიპადი”, რომელშიც ვხატავ; პირბადეები წაიღეს, რომელზეც კოვიდის დროს ჩემი ნახატები მქონდა დაპრინტული და ასევე წაიღეს ბაბუაჩემის ნაჩუქარი – 60-იანი წლების კამერა და 60-იანი წლების „ზენიტის აპარატი“, – ამბობს ის.

ადვოკატის ცნობით, ვოლანდს გამოკითხვაზე დაბარების უწყება გადასცეს.


დღეს ჩხრეკა ჩატარდა ასევე „დაიტოვეს” აქტივისტის, ილია ღლონტის სახლში. ის ამ დრომდე გამოკითხვაზე იმყოფება.

საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ასევე ისაკო დევიძის სახლში, რის შემდეგაც ის პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის მუხლით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

შსს-ის განმარტებით, სამართალდამცველებმა თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.