ნენსკრაჰესის კონტრაქტორი კორუფციული სკანდალებით ცნობილი კომპანია ხდება – „მწვანე ალტერნატივა“

პუბლიკა

კორეული მედიის ცნობით, ნენსკრაჰესის სამშენებლო კონტრაქტორი კორუფციული სკანდალებით ცნობილი Hyundai E&C ხდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „მწვანე ალტერნატივა“ ავრცელებს.

„კორეულ საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელებული ინფორმაციით, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის კონტრაქტორის შერჩევის ტენდერში გამარჯვებულად კორეული სამშენებლო კომპანია Hyundai E&C თურქულ კომპანია Limak-თან ერთად სახელდება. სააგენტო Ajudaily-ის ცნობით, „Hyundai E&C-იმ ქართული ჰიდროელექტროსადგურის 737-მილიონდოლარიანი ტენდერი მოიგო“.

Hyundai E&C სამხრეთ კორეის ყველაზე მსხვილი სამშენებლო კომპანიაა, რომლის სახელსაც კორეასა და სხვა ქვეყნებში არაერთი კორუფციული საქმე უკავშირდება.

ბოლოდროინდელი სკანდალი კომპანიის მიერ ინდონეზიაში ადგილობრივი პროტესტის ჩასახშობად პოლიტიკოსის მოქრთამვას ეხება. Hyundai E&C-ის პოლიტიკოსისთვის 464,100 აშშ დოლარის ქრთამის სახით მიცემა ედება ბრალად. ფულის სანაცვლოდ, კომპანია ქვანახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტის შეჩერებას მოითხოვდა. „Businesskorea“-ს ცნობით,  ქრთამის აღებაში ბრალდებულმა პოლიტიკოსმა დანაშაული აღიარა და 5 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

Hyundai E&C-ის სახელს უკავშირდება გასული წლის მსხვილი ფინანსური სკანდალიც კორეაში, როცა ადგილობრივი პოლიცია  Hyundai E&C-ის მთავარ ოფისში შეიჭრა: კომპანიას ერთ-ერთ სამშენებლო პროექტში მონაწილეობის მისაღებად მესაკუთრეების მოქრთამვა ედებოდა ბრალად.

სხვა შემთხვევებიდან  ასევე ცნობილია, ე.წ. „ოთხი მდინარის“ საქმეც, რომლის შედეგადაც კორეის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ Hyundai E&C სხვა კომპანიებთან ერთად კანონდარღვევაში – წინასწარ შეთანხმებული ფასის შეთავაზებაში დაადანაშაულა. სააგენტოს ცნობით „ოთხი მდინარის“ საქმის შედეგად  „გადასახადის გადამხდელები  3.57 მილიარდი აშშ დოლარით დაზარალდნენ“.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2 კვირის წინ Hyundai E&C ნენსკრაჰესის ტენდერის შემდეგ ეტაპზე გადასულ კომპანიებს შორის მოხსენიებული საერთოდ არ იყო. მონაწილეთა სია ჰესის დამფინანსებელმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა – EBRD 7 ნოემბერს გამოაქვეყნა. სიაში იყო თურქული კომპანია Limak Insaat Sanayi ve Ticaret A.S, რომელიც ტენდერში Hyundai E&C-თან ერთად გამარჯვებულად სახელდება.

ნენსკრაჰესისთვის სამშენებლო კონტრაქტორის ძიება  ბოლო 1 წელი მიმდინარეობდა, მას შემდეგ, რაც პროექტი მსხვილმა ინვესტორმა, Salini Imperegilo-მ  დატოვა“, – წერს „მწვანე ალტერნატივა”.