ნეპალში ანტისამთავრობო აქციების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი გადადგა – ბოლო მონაცემებით, აქციებზე 21 ადამიანი დაიღუპა, მათგან 19 – გუშინ.
ნეპალში ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო აქციები მთავრობის მიერ სოციალური მედიის პლატფორმების აკრძალვას მოჰყვა – დემონსტრანტები პარალელურად აპროტესტებენ მასშტაბურ კორუფციასა და გაუარესებულ ეკონომიკურ პირობებს.
უსაფრთხოების ძალებმა მოქალაქეების წინააღმდეგ აქციებზე გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღები, წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი.
პრემიერ-მინისტრ კეი პი შარმა ოლიმ სამშაბათს გამოქვეყნებულ წერილში გამოაცხადა გადადგომის გადაწყვეტილება, რაც მან ქვეყანაში არსებულ „ექსტრაორდინარულ სიტუაციას” დაუკავშირა.
ანტისამთავრობო აქციები გაგრძელდა სამშაბათსაც, მთავრობის მიერ სოციალურ მედიებზე აკრძალვის მოხსნისა და დაწესებული კომენდანტის საათის მიუხედავად.
ხელისუფლების მიმართ მოქალაქეების პროტესტმა, რომელიც წლების განმავლობაში არსებული კორუფციისა და გაუარესებული ეკონომიკური პირობების გამო არსებობდა, გასულ კვირას მას შემდეგ იფეთქა, რაც მთავრობამ სოციალური მედიის პლატფორმები: Facebook, Instagram, WhatsApp, YouTube and X, დაბლოკა. მთავრობის მტკიცებით, ეს ნაბიჯი „ყალბი ამბებისა და სიძულვილის ენის” კონტროლს ემსახურებოდა და შეეხებოდა ყველა სოციალური მედიის კომპანიას, რომელიც არ დარეგისტრირდებოდა.
პროტესტის ორგანიზატორები აღნიშნავდნენ, რომ ქვეყნის გარშემო ანტისამთავრობო აქციები არ უკავშირდებოდა მხოლოდ ახალ წესებს, არამედ იყო პასუხი ცუდი ეკონომიკური პირობების გამო.
პროტესტი ასევე ეხება „ნეპო ბავშვებს” – კერძოდ, ფაქტს, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პირობების ფონზე პოლიტიკოსთა შვილები „მდიდრული ცხოვრებით ცხოვრობენ” და აჩვენებენ უთანასწორობას რიგით მოქალაქეებსა და კორუფციით გამდიდრებულ მაღალჩინოსნებს შორის.
2024 წლის მონაცემებით, ნეპალში 15-24 წლის ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე 20,8%-ია. ნეპალის ეკონომიკა მეტწილად დამოკიდებულია ემიგრანტების ფულად გზავნილებზე: ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 33.1% პირადი გადმორიცხვებიდან მოდის, რაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მუდმივად იზრდება.
„ნეპალის ყველა მოქალაქე დაიღალა კორუფციით. ახალგაზრდები ქვეყნიდან მიდიან. ჩვენ გვინდა, რომ დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდობა და ქვეყნის ეკონომიკა გავხადოთ უკეთესი”, – განუცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ გამოცემა Reuters
გასულ დღეებში გამართული პროტესტების ჩასახშობად საპოლიციო ძალებმა ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი – აქციის მონაწილეთა უმეტესობა სკოლის მოსწავლე ან უნივერსიტეტის სტუდენტია. აქციის მონაწილეების ცნობით, პოლიციელები ისროდნენ უკონტროლოდ. პარალელურად, აქციის მონაწილეებმა დაწვეს სასწრაფოს და პოლიციის მანქანები, ხოლო სპეცრამზს დაუშინეს სხვადასხვა საგანი.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 21 ადამიანი – 400 მეტი მოქალაქე, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, კლინიკაში არიან გადაყვანილი სხვადასხვა დაზიანებით.
მომხდარი დაგმეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა – გაეროს ადამიანის უფლებების ოფისმა განაცხადა, რომ „შოკირებულია” დაღუპულ დემონსტრანტთა რაოდენობით და მოითხოვა დაუყოვნებლივ გამჭვირვალე გამოძიება.