ნეთანიაჰუ: ქვეყანა გრძელ და რთულ ომს იწყებს

პუბლიკა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა გრძელ და რთულ ომს იწყებს, რომელიც აიძულა „ჰამასის“ მოულოდნელმა საზღვაო და სახმელეთო თავდასხმამ, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა, მოქალაქეები, მათ შორის, ქალები და ბავშვები მძევლად აიყვანეს.

„ჰამასმა დაიწყო სასტიკი და ბოროტი ომი. ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში, მაგრამ ფასი მძიმე იქნება.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს აღარ განმეორდეს. ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს მთელი მთავრობა. ისრაელის თავდაცვის ძალები დაუყოვნებლივ გამოიყენებს მთელ თავის ძალებს ჰამასის შესაძლებლობების მწყობრიდან გამოსაყვანად. ჩვენ მათ სასიკვდილო დარტყმებს მივაყენებთ, შურს ვიძიებთ იმ ბნელი დღისთვის, რაც მათ მოუტანეს ისრაელის სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს“, – განაცხადა მან.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრთა კაბინეტმა მიიღო „ოპერატიული გადაწყვეტილებების სერია, რაც მიზნად ისახავს „ჰამასის“ და პალესტინის ხელისუფლების სამხედრო და პოლიტიკური შესაძლებლობების განადგურებას“.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უკანასკნელი მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაჭრილი და სააავდმყოფოში გადაყვანილია 1864 პირი, მათგან 19 კრიტიკულ მდგომარეობაშია, 326 — სერიოზულად დაჭრილი, 359-ის მდგომარეობა კი საშუალოა.

821 ადამიანი მსუბუქადაა დაჭრილი, 20 ადამიანს კი ტრამვული სტრესის გამო მკურნალობენ. დამატებით 223 ადამიანს აკვირდებიან.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა რაოდენობამ 350-ს მიაღწია.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, ბოლო 24 საათში, სულ მცირე, 256 პალესტინელია მოკლული, მათ შორის, 20 ბავშვი. დაჭრილია 1788, მათ შორის, 121 ბავშვი.