ისრაელის პარლამენტმა, ქნესეთმა, შესაძლოა, ახალი მთავრობა ჩამოაყალიბოს. მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა კოალიციის გარეშე მთავრობის დაკომპლექტება არ შეუძლია.
ოპოზიციური პარტიები კი კოალიციას ქმნიან. აღსანიშნავია, რომ კოალიციის შესაქმნელად მემარცხენე, ცენტრისტი, ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და არაბული პარტიის ერთად მუშაობა იქნება საჭირო, თუმცა იდეოლოგიურად განსხვავებული პარტიების ლიდერები კოალიციის ფორმირებაზე მაინც თანხმდებიან.
როგორც დაგეგმილია, კოალიციის შექმნის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი გახდება ულტრამემარჯვენე ნაფტალი ბენეტი, რომელსაც ორ წელიწადში ცენტრისტ-ლიბერალი იარ ლაპიდი შეცვლის.
ისრაელი საპარლამენტო მმართველობის ქვეყანაა. მოსახლეობა პროპორციული წესით, პოლიტიკურ პარტიებს აძლევს ხმას. ქნესეთს სულ 120 წევრი ჰყავს. შესაბამისად, უმრავლესობის მოსაპოვებლად 61 წევრის მხარდაჭერაა საჭირო, თუმცა ისრაელში, როგორც წესი, კოალიციის გარეშე მთავრობის ჩამოყალიბება ვერ ხერხდება.
ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ ქნესეთში 30 წევრის გაყვანა მოახერხა, მას „იეშ ატიდი“ მოსდევს, რომელსაც ქნესეთში 17 წევრი ეყოლება. დანარჩენი პარტიებიდან კი 10 წევრზე მეტის გაყვანა ვერავინ ვერ შეძლო. ისრაელის პარლამენტში სულ 13 პარტია იქნება წარმოდგენილი, კოალიციაში კი 8 პარტია შევა.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეთის მხარდაჭერა ჯერ კიდევ 2018 წელს დაკარგა, რასაც 2019-2020 წლებში სამი არჩევნების გამართვა მოჰყვა, თუმცა 2020 წლამდე ხელისუფლების დაკომპლექტება ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო.
2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, ქნესეთმა კოალიციური მთავრობით პრემიერის თანამდებობაზე ისევ ნეთანიაჯუს გამოუცხადა ნდობა, თუმცა 2020 წლის ბოლოს ისრაელის პარლამენტმა მოქმედ პრემიერს უნდობლობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და წელს, როგორც ჩანს, მისი მმართველობაც სრულდება.
ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყნის სათავეში 2009 წლიდანაა, თუმცა პრემიერის თანამდებობა მას 1996-1999 წლებშიც ეკავა.