Netflix-ის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის ზეპირი განხილვა 24 იანვარს გაიმართება

პუბლიკა

ჭადრაკის ქართველი ლეგენდის, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე Netflix-ის წინააღმდეგ, კალიფორნიის შტატის სასამართლოში ღია ზეპირი განხილვა ჩანიშნა. სხდომა მხარეთა მონაწილეობით 2022 წლის 24 იანვარს გაიმართება.

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის თქმით, ამერიკულმა კომპანიამ სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ იშუამდგომლა, გამოხატვის თავისუფლების დაცვის მოტივით. რაც ადვოკატის თქმით, კომპანიის უფლება იყო.

მაია მწარიაშვილის თქმით, ასევე საქმეზე დაიკითხა „ლაზიერის გამბიტის“, ფილმის, რომლის გამოც ჩივის ნონა გაფრინდაშვილი, სცენარისტი სკოტ ფრენკი. ადვოკატის თქმით, ფრენკმა ჩვენების მიცემისას, ფაქტობრივად, აღიარა, რომ სცენარის შედგენისას ნონა გაფრინდაშვილის მიღწევებზე უკვე იცოდა.

მოსარჩელე მხარის თქმით, სკოტ ფრენკმა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მისმა გუნდმა არაერთი საათი დაუთმო ჭადრაკის ისტორიის შესწავლას. გაფრინდაშვილის შესახებ კი იცოდნენ, რომ ის იყოს მსოფლიოს ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის გამორჩეული მოჭადრაკე. შესაბამისად, მას ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია გაფრინდაშვილის შესახებ და ფილმის სცენაში ნონა გაფრინდაშვილი შეგნებულად დააკნინეს.

მოსარჩელე მხარე მოითხოვს ფილმის კონსულტანტის გარი კასპაროვის დაკითხვასაც. ნონა გაფრინდაშვილის იურისტები აცხადებენ, რომ კასპაროვი ათეულობით წელია პირადად იცნობს ნონა გაფრინდაშვილს, ჩამორთმეული აქვს ინტერვიუ, რომელშიც ჩანს, რომ მან კარგად იცის ჭადრაკის ქართველი ლეგენდის მიღწევები.

ხოლო ამერიკული კომპანიის პოზიცია ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატების თქმით, ერთი მხრივ ისაა, რომ სცენარისტებს არ ჰქონდათ ინფორმაცია ნონა გაფრინდაშვილის მიღწევებზე, მეორე მხრივ კი ფილმი წარმოადგენს მხატვრულ ნაწარმოებს, ასევე დაფუძნებულს მხატვრულ ლიტერატურაზე. შესაბამისად მასში ასახული ფაქტებსა და შეფასებებს არ მოეთხოვება, შეესაბამებოდეს სინამდვილეს. მით უმეტეს, ფილმებს თან ერთვის შესაბამისი გამაფრთხილებელი ფრაზა.

თუმცა, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ფილმისგან განსხვავებით ლიტერატურულ ნაწარმოებში ნონა გაფრინდაშვილის მიღწევები დაკნინებული არ ყოფილა. ფილმის სცენარისტებს კი საკმარისი ინფორმაცია ჰქონდათ, რომ მაყურებლისთვის მის შესახებ დამახინჯებული ინფორმაცია არ მიეწოდებინათ, რადგან ფილმის სცენა მცდარ წარმოდგენას უქმნის აუდიტორიას.

ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელი კალიფორნიის შტატის სასამართლოში 16 სექტემბერს შეიტანა. სარჩელის მიზეზი Netflix-ის სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ ნათქვამი ფრაზაა, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია.

მოსარჩელე მხარე კი აცხადებს, რომ გაფრინდაშვილს სერიალში აღწერილი დროის იმ პერიოდისთვის მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონ  მოჭადრაკე კაცებთან, მათ შორის, გროსმაისტერებთან უკვე ჰქონდა გამართული შეხვედრები.