NGO-ები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ჩინჩალაძის საკითხი განიხილონ

პუბლიკა

სამოქალაქო საზოგადოება აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არაეფექტიანად საქმიანობს და კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს აარაჯეროვნად ასრულებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საუბარია, რომ საბჭოს მხრიდან გახშირდა ჩანიშნული სხდომების გაურკვეველი მიზეზებით გადადების შემთხვევები. პრობლემურია სხდომების დღის წესრიგის ზოგადი სახით ფორმულირება და მათი კანონით დადგენილ ვადაში გამოუქვეყნებლობაც.

ორგანიზაციების შეფასებით, მსგავსი პრაქტიკა მნიშვნელოვნად ართულებს დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობას და ნეგატიურად აისახება საბჭოს ანგარიშვალდებულებისა და მისი საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხზე.

„2022 წლის განმავლობაში, დღეის მდგომარეობით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სულ 12 სხდომა გამართა. ამასთან, 2 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით პერიოდში ჩანიშნული სხდომებიდან ჩატარდა მხოლოდ 2, 9 კი – გადაიდო, რაც სხდომების გამართვის პრაქტიკას ერთგვარ გამონაკლისად აქცევს. ამასთან, გადადების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, არჩატარებული სხდომის დღის წესრიგი კი ავტომატურად იშლება ვებგვერდიდან. შესაბამისად, სადამკვირვებლო ორგანიზაციები სხდომების გადადების შესახებ ინფორმაციას, როგორც წესი, საბჭოში მისვლიდან რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ და აპარატის თანამშრომლებთან კომუნიკაციით იღებენ, გადადების მიზეზები კი უცნობია“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე განცხადებით, მონიტორინგს ართულებს ის, რომ საბჭოს სხდომები პირდაპირი ეთერით არ გადაიცემა, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის კუთხით, დამატებით პრობლემას ქმნის საჯაროდ გამოქვეყნებული სხდომის დღის წესრიგის არასრულყოფილი და ზოგადი ხასიათი.

„ფაქტობრივად შეუძლებელია, დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელმა თუ ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა წინასწარ განსაზღვროს სხდომაზე განსახილველი საკითხები და მათი შინაარსი. ყოველივე ეს კი ეჭვს აჩენს, რომ საბჭოს საქმიანობის მსგავსი არაგამჭვირვალე და არაპროგნოზირებადი პრაქტიკა მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხები ყურადღების მიღმა დარჩეს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

NGO-ები ყურადღებას ამახვილებენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ ჩინჩალაძის სავარაუდო დანიშვნაზე.

„საყურადღებოა, რომ მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა 29 მაისს ამოეწურა. 22 ივნისის დღის წესრიგში ერთ-ერთ საკითხად განსაზღვრული იყო „ზოგიერთი რაიონული(საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა/უფლებამოსილების დაკისრება“. თუმცა სხდომა გაურკვეველი მიზეზებით გადაიდო, რაც აჩენს განცდას, რომ ივნისის თვეში სხდომების რეგულარულად გადადება სწორედ მიხეილ ჩინჩალაძის თავმჯდომარის თანამდებობაზე განმეორებით დანიშვნისათვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად იყო გამიზნული.

აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშნა/უფლებამოსილების დაკისრება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით, რიგით მე-3 საკითხად არის განსაზღვრული. თუმცა ისევ ბუნდოვანია დღის წესრიგით განსაზღვრული ფორმულირება და ისიც, სხდომა კვლავ გადაიდება თუ არა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციების თქმით საბჭო არღვევს კანონმდებლობის მოთხოვნას და 3 სამუშაო დღით ადრე არ აქვეყნებს სხდომის თარიღს და დღის წესრიგს.

„ამასთან, საბჭოს გამართულად ფუნქციონირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ საქართველოს პარლამენტს წელიწადზე მეტია არ ჰყავს არჩეული 5 არამოსამართლე წევრი. შესაბამისად, სასამართლო ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანო არასრული – 10 წევრის შემადგენლობით მოქმედებს. ამასთან, საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს მოსამართლე წევრთა სრული უპირატესობით, არამოსამართლე წევრების ჩართულობის გარეშე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს აქ არსებულ კორპორატივიზმის პრაქტიკას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციები მოუწოდებენ იუსტიციის საბჭოს, კეთლისინდისიერად განაოხრციელოს ფუნქციები და შეასრულოს კანონმდებლობის მოთხოვნები:

  • სხდომის გამართვამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის გამართვის თარიღისა და სხდომის დღის წესრიგის თაობაზე;

  • აღმოიფხვრას სხდომების რეგულარულად გადადების მანკიერი პრაქტიკა და სხდომის გადადების მიზეზების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს წინასწარ, გონივრულ ვადაში;

  • სხდომების დღის წესრიგში განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაცია აისახოს სრულყოფილად;

  • უზრუნველყოფილ იქნას სხდომების პირდაპირი ტრანსლირება.

ხელმომწერები:

  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი
  • დემოკრატიის ინდექსი