NGO-ები: ცვლილებები სასამართლოს საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

პუბლიკა

9 სამოქალაქო ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ მიერ საერთო სასამართლოების კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება.

ორგანიზაციების შეფასებით, კანონში შეტანილი ცვლილებები ამარტივებს მოსამართლეთა დასჯის მექანიზმს, რითაც „კიდევ უფრო მეტად ძლიერდება  სასამართლო კლანის ძალაუფლება“.

მათივე განცხადებით, ცვლილებები აბრუნებს 2007-2013 წლებში არსებულ პრაქტიკას და ფაქტობრივად სრულად კრძალავს სასამართლო პროცესების შესახებ საზოგადოებისთვის დოკუმენტირებული ინფორმაციის მიწოდებას.

ორგანიზაციები წერენ, რომ ამ ცვლილებებით იზრდება სისტემაში ძალაუფლების კონსოლიდაციის ხარისხი, მარტივდება მოსამართლეთა დევნა, შევიწროება და თანამდებობიდან გათავისუფლება, მართლმსაჯულება იხურება საზოგადოებისა და მედიისთვის.

„განხილული ცვლილებებით სასამართლო სისტემაში ძალაუფლების სრული კონსოლიდაცია მიიღწა ინსტიტუციურ დონეზე.

კერძოდ, ერთი მხრივ, კიდევ უფრო გაიზარდა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მყოფი პირების უფლებამოსილებები, მეორე მხრივ, კი შემცირდა ინდივიდუალური მოსამართლეების ისედაც მყიფე დამოუკიდებლობის გარანტიები.

ამასთან, ანგარიშვალდებულების საბაზისო მექანიზმების შემცირებით, საზოგადოების მეთვალყურეობის მიღმა რჩება ძალაუფლების კონსოლიდაციის შემდგომი პროცესები.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ღია სხდომაზე საქმის განხილვის უფლების ირიბი გაუქმება, სასამართლოს მთელს ტერიტორიაზე ვიდეო/ფოტო გადაღების აკრძალვით.

ეს განსაკუთრებით დააზიანებს „ქართული ოცნების“ რეპრესიების მსხვერპლ პირთა სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და მათი სასამართლო პროცესების შესახებ, საზოგადოების ინფორმირებულობას.

მიზანშეწონილია აღინიშნოს, რომ დაჩქარებულად მიღებული ცვლილებებით, ევროპული ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში, სხვადასხვა დროს განხორციელებული პოზიტიური რეგულირებები „ქართულმა ოცნებამ“  დემონსტრაციულად გააუქმა.

მესამე მოსმენით მხარდაჭერილი ცვლილებები არსებითად აუარესებს სასამართლოს ინსტიტუციურ მოწყობას, არღვევს ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს, ისევე როგორც მოსამართლის დამოუკიდებლობის კონსტიტუციურ გარანტიებს. ამავე დროს, ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან და საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ რეპრესიების მსხვერპლ პირებს ირიბად ართმევს მათი საქმის საჯარო განხილვის უფლებას“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

უფლებები საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

ადამიანის უფლებათა ცენტრი


„26 ივნისს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად:

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების რაოდენობა 9-დან 12-მდე იქნება; უქმდება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური და მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებას საბჭოს მდივანი გაუძღვება; იზრდება სასამართლოს თავმჯდომარეების, კოლეგიების/პალატების თავმჯდომარეების უფლებამოსილების ვადები და უფლებამოსილებები, ბრუნდება სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა; უქმდება რომელიმე 6-თვიან პერიოდში საბჭოს 4-ზე მეტი წევრის არჩევის აკრძალვა.

დისციპლინურ გადაცდომად ბრუნდება „მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება“ და უქმდება მოსამართლის მიერ დისციპლინური პროცესის გასაჯაროების მოთხოვნის უფლება; იზრდება დისციპლინური სახდელისთვის გათვალისწინებული ზომა, კერძოდ, ხელფასის 10%-დან 50%-მდე დაქვითვა; ჯამში 5 წლამდე იზრდება მოსამართლის მივლინების ვადები; მოსამართლე ექცევა სრულ პროფესიულ იზოლაციაში. ცვლილებები კრძალავს მოსამართლესთან ფაქტობრივად ნებისმიერ პროფესიულ კომუნიკაციას მოსამართლის კონკრეტულ ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

სასამართლოს შენობაში, მათ შორის, სასამართლოს ეზოში ფოტო-ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია აიკრძალება და მისი ექსკლუზივი მხოლოდ სასამართლოს და მის მიერ ავტორიზებულ პირებს ექნებათ. მედიას და ჟურნალისტებს მიეცემათ სხდომის ვიდეო გადაღების შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში, თუ ამას იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტს. ჟურნალისტების მიერ ფოტოგადაღება სრულად იკრძალება. სასამართლო აქტები საჯარო გახდება შესაბამის საქმეზე მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; უქმდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული მთელი რიგი გადაწყვეტილებების საჯაროობის ვალდებულება.

მოსამართლის ხელფასი დანამატების გარეშე მერყეობდა 4000 – 7000 ლარამდე. ცვლილებებით, ხელფასი 10 512-დან 14 600 ლარამდე შუალედში გაიზრდება (ციფრები მითითებულია დანამატების გარეშე). შეიცვალა ანაზღაურების პრინციპი და მოსამართლის ხელფასი შესაბამისი წლის ბიუჯეტის საბაზისო თანამდებობრივ სარგოს დაუკავშირდა. (7.2-10 კოეფიციენტებით)“.