არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია საპროტესტო აქციებზე დაკავებულ ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობისა და სექსუალური შინაარსის მუქარის შესახებ ცნობებზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ 28 ნოემბრის შემდეგ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე 10 ქალის დაკავების თაობაზე შევიდა შეტყობინება.
ისინი „შემაძრწუნებელს” უწოდებენ იმას, რომ დაკავებულმა რამდენიმე ქალმა საჯაროდ ისაუბრა მათ მიმართ დაკავების დროს და მის შემდგომ პერიოდში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობის, სექსუალური შევიწროებისა და გაუპატიურების მუქარის შესახებ.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ:
- ქალების განცხადებით, დაკავების პროცესში სპეცრაზმი მათ ფიზიკურად გაუსწორდათ, ემუქრებოდნენ გაუპატიურებითა და სიცოცხლის მოსპობით;
- გაუპატიურების მუქარის კიდევ უფრო სიცხადისათვის ადგილი ჰქონდა სპეცრაზმელების მიერ გაუპატიურების აქტის აღწერას უწმაწური სიტყვების გამოყენებით, დაკავების სპეციალურ მანქანისკენ წაყვანის მუქარას, რაც მსხვერპლისთვის კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდიდა მათ სიტყვებს;
- აქციაზე დაკავებული ქალის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების თანახმად, დაკავების მანქანაში მას არ მისცეს საშუალება სკამზე დაჯდომის, მთელი გზა მუხლებზე დაჩოქილი ამგზავრეს და ამასთან ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწროების ფაქტს;
- ერთ-ერთი დაკავებული ქალის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებით, მას პოლიციის განყოფილებაში გადაუღეს ვიდეოები და ამცირებდნენ სექსუალური შინაარსის კომენტარებით;
- აქციის მონაწილე ერთ-ერთმა ქალმა, რომელსაც სახეზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ ის აქციის დაშლის დროს პოლიციელებმა თითქოსდა განრიდების მიზნით გაიყვანეს, რის შემდეგაც სცემეს.
„დაუშვებელია სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ისეთი ქმედებების განხორციელება ან ისეთი ქმედებების შესრულების მოთხოვნა, რომელიც დამამცირებელია, ლახავს თქვენ ღირსებას, მიმართულია თქვენი სექსუალური თუ სხვა ნიშნით შევიწროებისკენ. წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით და ისჯება სისხლის სამართლის წესით”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ისინი მოუწოდებენ დაკავებულებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათ წინააღმდეგ აღნიშნული ქმედებები განხორციელდა, აცნობონ ადვოკატს, რომელიც მიმართავს შესაბამის უწყებებს – ადვოკატის არყოლის შემთხვევაში კი, NGO-ები მოუწოდებენ, მათ დაუკავშირდნენ.
„მივმართავთ ქალებს, თუ თქვენ დაგაკავეს და გადაგიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, უნდა იცოდეთ, რომ:
- თქვენი პირადი დათვალიერება უნდა ჩაატაროს იმავე სქესის წარმომადგენელმა;
- პირადი დათვალიერება არ ხდება ყველას დასანახად, მას შეიძლება დაესწროს იმავე სქესის წარმომადგენელი;
- ვიდეომეთვალყურეობის არსებობისას აუცილებელია თქვენი წინასწარი ინფორმირება;
- პირადი დათვალიერების დროს დაუშვებელია თქვენი სრული გაშიშვლება;
- პირადი დათვალიერების დროს სხეულის ცალკეული ნაწილის დათვალიერება (ასეთის აუცილებლობისას მაგალითად დაზიანებების შემოწმებისას) ვიდეომეთვალყურეობის კამერების თვალთახედვის არეში არ უნდა მოხდეს”.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისას ქალები:
- უნდა განთავსდნენ კაცებისგან განცალკევებით;
- ორსული ქალი უნდა განთავსდეს სხვა პირებისგან განცალკევებით;
- პატიმრობაშეფარდებული ქალისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები.
ამასთან, მათი განცხადებით, დროებით მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ ნებისმიერ პირს უფლება გაქვთ, მოითხოვოთ:
- ადვოკატთან დაკავშირება;
- სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირება (1481);
- სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზთან დაკავშირება (199)
ზარის განხორციელება უნდა უზრუნველყოს იზოლატორის ადმინისტრაციამ.