7 არასამთავრობო ორგანიზაცია საერთო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო განაგრძობს მართლმსაჯულების დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას.
17 ივნისს გაიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომელზეც მოსამართლის 100-მდე ვაკანსიის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება, მათ შორის, პარლამენტს წარედგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი.
NGO-ები წერენ, რომ ახალი კადრების დამატების პროცესი სასამართლოში არსებული ძლიერი კლანური მმართველობის პირობებში მიმდინარეობს.
მათი თქმით, არც ხელისუფლებასა და არც სასამართლოს არ გამოუხატავს მართლმსაჯულების გაჯანსაღებისა და სისტემის რეალური რეფორმის ნება, მათ შორის, არ შეცვლილა საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისა და საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესი, რაც, ორგანიზაციების შეფასებით, საუკეთესო და მიუკერძოებელი კანდიდატების დანიშვნას უზრუნველყოფდა.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სასამართლო სისტემაში 300-მდე მოსამართლეა, დამატებით 100-მდე დამოუკიდებელი მოსამართლის დანიშვნა კი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა ქვეყანაში მართლმსაჯულების ხარისხს.
„ამის საპირისპიროდ არსებული ვაკანსიების უმეტესობა, როგორც წესი, კლანთან დაკავშირებული პირებით ივსება, რაც სასამართლო სისტემის გაჯანსაღების პერსპექტივას კიდევ ერთხელ გადაავადებს.
ამ ვაკანსიების ძირითადი ნაწილის შევსებით კიდევ უფრო შეუძლებელი ხდება სისტემაში ახალი, კვალიფიციური კადრების შედინება. საბჭოს რეფორმის ჩატარებამდე, ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებების მიღებით, კიდევ უფრო ზიანდება ქვეყანაში მართლმსაჯულების ინტერესები.
ვენეციის კომისიის დასკვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის თავიდან დაწყების საჭიროებაზე უთითებს. ამის მიუხედავად იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს ფორსირებულად, რეფორმების არარსებობის პირობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საბჭოს ძველი შემადგენლობით მიიღოს“, – წერენ ორგანიზაციები.
მათი თქმით, 19 აპრილის შეთანხმება, ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი, ცალსახად და არაორაზროვნად მიუთითებს ამბიციური სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე, მათ შორის, დოკუმენტში საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმის საჭიროებაზე და უზენაესი სასამართლოს კონკურსის შეწყვეტის აუცილებლობაზე.
NGO-ების განცხადებით, სასამართლოს სიღრმისეული რეფორმების განხორციელების გარეშე, ამგვარი მნიშვნელობის საკადრო გადაწყვეტილებების დაჩქარებულ ტემპში მიღება, უკიდურესად აზიანებს მართლმსაჯულების ინტერესებს. ისინი ფიქრობენ, რომ საბჭოს ქმედებებმა მომავალში შესაძლებელია ლეგიტიმურობის საკითხი წარმოშვას ამ პირობებში დანიშნული მოსამართლეების მიმართ.
„ცხადია ამგვარ გაბედულ ნაბიჯებს სასამართლოში არსებული ე.წ. კლანი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ გადადგამდა ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერის გარეშე. მმართველი პარტიის მიერ კლანის არსებობის იგნორირება და ზედაპირული, კოსმეტიკური რეფორმიების დაანონსება კიდევ ერთხელ მიუთითებს პოლიტიკური ნების არ არსებობაზე, სასამართლო სისტემაში განხორციელდეს თვისობრივი ცვლილებები და შესრულდეს დასავლელი პარტნიორების შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაში აღებული ვალდებულებები.
მოვუწოდებთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს:
შეწყვიტოს ფორსირებულ რეჟიმში სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება;
ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:
- დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა და ამ მიზნით შექმნას სამუშაო ფორმატი, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ დაინტერესებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს, პროფესიულ და აკადემიურ ჯგუფებს, სახალხო დამცველსა და საერთაშორისო პარტნიორებს;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ოპოზიციურ პარტიებთან პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე. თუკი ეს შეუძლებელი გახდა, შეაჩეროს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებამდე“, ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
- უფლებები საქართველო (RG)
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI Georgia)