არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეებს მოუწოდებენ, 19:00 საათზე პარლამენტის წინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას შეუერთნენ.
დღეს, 30 აპრილს პარლამენტი რუსულ კანონს II მოსმენით განიხილავს.
ერთობლივ განცხადებაში ორგანიზაციებმა მიუთითეს, რომ ამით ხელისუფლება ანტიკონსტიტუციური კანონის მისაღებად მორიგ ნაბიჯს დგამს.
„ამიტომაც, ჩვენ, ამ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წევრები და მოქალაქეები:
შევეწინააღმდეგებით კანონის მეორე მოსმენით მიღების მცდელობას და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ხელისუფლებას, რომ რუსული კანონით კონსტიტუციის ღალატი და ევროკავშირზე უარის თქმა არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.
მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, კვლავ შეასრულონ საკუთარი მოვალეობა ხალხის წინაშე და კიდევ უფრო მტკიცედ იბრძოლონ პარლამენტში რუსული კანონის წინააღმდეგ.
მოვუწოდებთ ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობა, კონსტიტუცია და საქართველოს ევროპული გზა მნიშვნელოვანია, შევიკრიბოთ პარლამენტის წინ 19:00 საათზე.
ჩვენ თვალს მივადევნებთ, თუ როგორ იმოქმედებს ხელისუფლება და ვიმოქმედებთ არსებული სიტუაციის შესაბამისად, ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებისა და ქართველი ხალხის გაცხადებული ნების შესაბამისად.
კი ევროპას!
არა რუსულ კანონს!”. – აცხადებენ სამოქალაქო ორგანიზაციები.