არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ხუჭავს სისტემურ წამებაზე და ცდილობს საკითხის შერბილებულად წარმოდგენას.
განცხადება ორგანიზაციების სახელით „სამოქალაქო საზოგადოების ფონდში“ სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, იურისტმა გიორგი ბურჯანაძემ გააკეთა.
მან ხაზი გაუსვა, რომ 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს უპრეცედენტო ძალა და ასობით მოქალაქის მიმართ განახორციელეს არაადამიანური მოპყრობა და წამება.
ორგანიზაციების შეფასებით, ეს უკანონო ქმედებები იყო ბელორუსულის წამების ანალოგი და იყო წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული და მიზნად ისახავდა პროტესტის მონაწილეების დასჯას და დაშინებას.
ბურჯანაძემ თქვა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს არაერთი ნაცემი ადამიანი და გაკეთდა შესაბამისი განცხადებებიც, მაგრამ მოგვიანებით, ლევან იოსელიანმა პოზიცია შეიცვალა და თქვა, რომ წამებას ადგილი არ ჰქონია.
„ეს წარმოადგენს მისი მხრიდან მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, ადასტურებს მის პოლიტიკურ მიკერძოებულობასა და არადამოუკიდებლობას” – მიიჩნევენ ორგანიზაციები.
28 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით სახალხო დამცველის აპარატმა მოინახულა 362 პირი და ამათგან 227 პირი საუბრობდა, რომ მათ მიმართ განხორციელდა წამება ან არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობა. მათგან 158 პირს ჰქონდა ხილული დაზიანებები. ეს უშუალოდ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა.
29 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია შემდეგზე:
- „შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები.”
- “ვიდეოკადრებში და გავრცელებულ ინფორმაციაში ცალსახად ვლინდება მშვიდობიანი აქციის დაშლის დროს, მომიტინგეების… და დაკავებულების მიმართ სპეციალური საშუალებების უსაფუძვლო გამოყენების არაერთი ეპიზოდი, სავარაუდო უსაფუძვლო დაკავების შემთხვევები, ძალადობის პირდაპირი განზრახვა და მიზანმიმართული დევნა”.
- „გარდა აქციის ძირითადი ლოკაციისა, გავრცელებულ ვიდეოკადრებში აშკარად ჩანს, რომ პოლიცია ახორციელებს აქციის მონაწილეების დევნას შეკრების ადგილიდან დაშორებით, რაც მიანიშნებს სავარაუდო შურისძიებისა და დაშინების მიზანზე“.
- „ცალკე ყურადღებას იმსახურებს ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობისა და სისასტიკის ხარისხი, მათი ტექნიკის სავარაუდო მიზანმიმართული დაზიანება, რაც წარმოადგენს ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემცველ ქმედებებს და ხელს უშლის მათ პროფესიულ საქმიანობაში“.
- „სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან გამოხატული დანაშაულებრივი ქმედებები სავარაუდოდ წახალისებულია იმით, რომ ისინი სარგებლობენ ფაქტობრივი დაუსჯელობის გარანტიებით. აღნიშნული კი განპირობებულია რაზმის წევრების საიდენტიფიკაციო ნიშნებისა და სამხრე კამერებით აღჭურვის ვალდებულების არარსებობით, წინა აქციების დროს მოძალადე პირების დაუსჯელობითა და სხვა“.
გიორგი ბურჯანაძემ ორგანიზაციების სახელით გაიხსენა, რომ:მ
- 30 ნოემბერს იზოლატორიდან გამოსულმა ლევან იოსელიანმა, ნანახს უწოდა სიმხეცე.
- პირველ დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში იოსელიანი აღნიშნავს, რომ 44 დაკავებულიდან 38 საუბრობდა ძალადობაზე, ასევე საუბრობს მომიტინგეების ალყაზე და დასჯაზე როგორც რუსთაველის გამზირზე, ისე ავტომობილებში.
- 3 დეკემბრის განცხადებაში საუბარია, რომ დაზიანებები ძირითადად თავის არეშია მიყენებული.
- იმავე დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბრობს ლევან იოსელიანი წამებაზე.
17 იანვრის ინტერვიუში კი იოსელიანმა შეცვალა თავისი განცხადებები და თქვა, რომ „სახალხო დამცველი ვერ მოახდენდა ქმედებების წამებად დაკვალიფიცირებას და რომ აღნიშნული უფლებამოსილება ჰქონდა მხოლოდ გამოძიებას“. გარდა ამისა, თქვა, რომ „ზოგადად წამების სისტემურობა გამორიცხულია, სისტემური მხოლოდ „არასათანადო მოპყრობა“ შეიძლება იყოს და რომ წამება სისტემური ვერ იქნება“.
გიორგი ბურჯანაძის თქმით:
„საქართველოს სახალხო დამცველის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის წამების პრევენცია. ეს როლი აქვს დეტალურად განსაზღვრული საკონსტიტუციო სასამართლოსაც. ეს უფლებამოსილება აქვს გაწერილი წამების საწინააღმდეგო კონვენციის დამატებითი ოქმითაც, რომელიც საქართველოს აქვს რატიფიცირებული და რომლითაც საქართველოს სახალხო დამცველი არის პრევენციის ეროვნული მექანიზმი.
ეს მექანიზმი და სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონი უფლებას აძლევს სახალხო დამცველს, დახურულ დაწესებულებაში შევიდეს და მოინახულოს დაკავებული პატიმარი, ჩაუტაროს მას ექსპერტიზა. ეს ასევე გულისხმობს დაზიანებების დადოკუმენტირებას ე.წ. სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ წამების ფაქტები დადოკუმენტირდეს, დასურათდეს და შემდგომ გამოდგეს საერთაშორისოდ შესაფასებლად. ლევან იოსელიანმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რამდენ შემთხვევაში გამოიყენა ეს უფლებამოსილება. სახალხო დამცველს აღნიშნულის ტექნიკური შესაძლებლობა სრულად აქვს.
ლევან იოსელიანმა დეტალურად უნდა გასცეს პასუხი, თუ რა რესურსი გამოიყენა წამების ფაქტების დოკუმენტირებისთვის, მოახდინა თუ არა ფოტოგადაღება, სტამბული პროტოკოლით დოკუმენტირება, გამოიყენა თუ არა თუ არა პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლების და ექსპერტების რესურსი ამ ტიპის ძალადობების გამოსავლენად“, – თქვა გიორგი ბურჯანაძემ.