საზოგადოებრივი ორგანიზაციები განათლების სისტემისა და სასკოლო საზოგადოების პოლიტიკური ზეგავლენისაგან დაცვის მიზნით საზოგადოებრივი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან. კომისიის მიზანი იქნება განათლების სისტემისა და სასკოლო საზოგადოების პოლიტიკური ზეგავლენისაგან დაცვა და შესაბამისი რეაგირება.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, საჭიროებისა თუ დარღვევების შემთხვევაში, მიმართონ კომისიას.
გთავაზობთ განცხადებას სრულად.
„2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ გაცხადებულ პრიორიტეტს განათლების სისტემის დეპოლიტიზება წარმოადგენდა.[1] ამ კუთხით, 2012 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №1375 ბრძანების საფუძველზე სპეციალური კომისიაც შეიქმნა.[2]
მიუხედავად ამისა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ პოლიტიკური ძალები კვლავ იყენებენ საგანმანათლებლო დაწესებულებებს საარჩევნო მიზნებისთვის.[3] ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და ნეგატიური გამოცდილების გათვალისწინებით,[4] ხელმომწერი ორგანიზაციები აუცილებლად მივიჩნევთ, გამოვეხმაუროთ განათლების სისტემის დეპოლიტიზების საკითხს, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დაუშვებლად მიგვაჩნია პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ნებისმიერი ფორმით გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის. აქვე აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, საჯარო სკოლების პედაგოგებს კანონით აეკრძალათ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობა სამუშაო საათების განმავლობაში ან როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს.[5]
აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვდივართ საზოგადოებრივი კომისიის შექმნის ინიციატივით. კომისიის მიზანი იქნება განათლების სისტემისა და სასკოლო საზოგადოების პოლიტიკური ზეგავლენისაგან დაცვა და შესაბამისი რეაგირება. მოვუწოდებთ მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ კომისიას დარღვევების შემთხვევაში. კომისია ასევე ითანამშრომლებს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ინფორმაციის გაცვლისა და დარღვევათა გამოვლენის მიზნით.
აქვე აღვნიშნავთ, მნიშვნელოვანია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო გამკაცრებული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი არ გადაიქცეს სკოლებზე ადმინისტრაციული ზეწოლის ბერკეტად. მივმართავთ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი პროცესი (ინსპექტირება, მონიტორინგი, შეფასება და სხვა) საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმართებაში, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, გადაიდოს საარჩევნო პროცესების დასრულებამდე. ხოლო უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, წარიმართოს ღიად, გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით, საზოგადოების (სამოქალაქო სექტორი, მედია) წარმომადგენელთა მაქსიმალური ჩართულობით. აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული შემოწმების შედეგები არ დაექვემდებაროს სკოლის ადმინისტრაციის საჯარიმო თუ სხვაგვარ პასუხისმგებლობას.
მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს განათლების სისტემის დეპოლიტიზებას და არჩევნების დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარებას.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
- კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)
- მშობლები განათლებისათვის
- ლაიონს ქუესტ საქართველო – განათლების ლაბორატორია (LQG)
- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია (სიქა)
- სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი
- ge (Erasmus+ ეროვნული ოფისი)
- განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი (EPPM)
- მათემატიკის მასწავლებელთა ასოციაცია
- PH International
- საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
- მედია ცენტრი კახეთი
- „უკეთესი მომავლისათვის“
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
- ასოციაცია „ათინათი“
- ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
- ასოციაცია „გაენათი“
- ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“
- არასამთავრობო ორგანიზაცია „დმანისელები“
- სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
- მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება
- ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაცია „ერთობა“
- ასოციაცია „ბილიკი“
- ასოციაცია „სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“
- განათლების სახლი
- სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრი
- სმენადაქვეითებულ ბავშვთა მშობელთა ასოციაცია „ილი“
- ასოციაცია „იმედი“ – დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის
- აფხაზეთიდან დევნილთა სარეაბილიტაციო, კულტურული აღორძინების ხელშემწყობი ასოციაცია „დიოსკურია“
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა დედათა ასოციაცია „დეა“
- განათლების და განვითარების ცენტრი „თოლისკური“
- ინიციატივების სახლი
- საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიცია
- ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის
- ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა საქართველოს აკადემია
- აბილიტაციის და განვითარების ცენტრი
- საქართველოს პორტრიჯის ასოციაცია
- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
განცხადება ინიცირებულია განათლების კოალიციის და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიერ.
1] განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის ანგარიში.
[2] საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის მიზანი არსებული დავების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღების გამჭვირვალე პროცესის უზრუნველყოფით საზოგადოების ნდობის განმტკიცება იყო. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კომისია სამინისტროსგან ფუნქციონალურად და სტრუქტურულად დამოუკიდებელი იყო. http://mes.gov.ge/uploads/komiisiis%20angarishi.pdf
[3] „2016 წლის 8 და 30 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები“, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში, გვ. 21.
[4] „სკოლებში ინსპექტირების მექანიზმს სავარაუდოდ საარჩევნო გარემოზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით იყენებდნენ“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი, 11.03.2019, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/ge/post/skolebshi-inspeqtirebis-meqanizms-savaraudod-saarchevno-garemoze-zemoqmedebis-mokhdenis-miznit-iyenebdnen#sthash.hSgvSCeX.dpbs
[5] საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი