NGO-ები: რეჟიმი ცდილობს, დააზიანოს პროტესტი, ძალით მიაღწიოს პარლამენტის ლეგიტიმაციას და გააქროს პროდასავლელი პოლიტიკოსები

პუბლიკა

25 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” არალეგიტიმური პარლამენტის არაკონსტიტუციურ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, „ოცნება” ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დევნის.

ორგანიზაციების შეფასებით, სანქცირებული მართლმსაჯულების სისტემის საშუალებით, „რეჟიმი ცდილობს, დააზიანოს ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტი, ძალით მიაღწიოს პარლამენტის ლეგიტიმაციას  და ველიდან გააქროს დემოკრატიული პროდასავლური ოპოზიციონერი პოლიტიკოსები“.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების დარღვევით შექმნა ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისია, რადგან, მათი განმარტებით, კონსტიტუციის მიხედვით, დროებით კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.

„თუმცა, ვინაიდან პარლამენტის ლეგიტიმაციას „ქართული ოცნების“ გარდა არავინ აღიარებს, არ არსებობს ოპოზიციაც, რომელიც საგამოძიებო კომისიაში იქნებოდა წარმოდგენილი. შესაბამისად, ერთპარტიული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევაა”, – წერია განცხადებაში.

NGO-ების შეფასებით, „კომისიის მიზანია, „ქართული ოცნების“ რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები გადაფაროს ძველი ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებებით, პარალელურად კი პროპაგანდისტული მეთოდებით საინფორმაციო მანიპულაციები აწარმოოს”.

„ამასთან, ამ არაკონსტიტუციური კომისიით „ქართული ოცნება“ ქმნის იმიტაციას, რომ პოლიტიკისგან დაცლილ არალეგიტიმურ პარლამენტში გარკვეული პოლიტიკური პროცესი თუ დებატი მიმდინარეობს.

არალეგიტიმური პარლამენტის არაკონსტიტუციური კომისიის ფარგლებში დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ყოფილი პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შიშით ხდება ადამიანების დაბარება არაკონსტიტუციურ კომისიაზე, რათა მათი გამოცხადებით არალეგიტიმურმა პარლამენტმა იძულებითი ლეგიტიმაცია შეიძინოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის მიზანია, პოლიტიკური და საზოგადოებრივი  ცხოვრებიდან გაქრნენ პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები და „ქართული ოცნების“ რეჟიმისთვის მიუღებელი პირები.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურორი და საქართველოს სასამართლო სისტემის ე.წ. კლანის ლიდერები სანქცირებულები არიან გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოების მხრიდან – სანქციების საფუძველი მართლმსაჯულების დამოუკიდებელი სისტემების „ქართული ოცნებისთვის“ დაქვემდებარება და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევაა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2025 წლის 10 აპრილის რეზოლუციაში დაგმო არალეგიტიმური პარლამენტის მიერ საპარლამენტო კომისიის შექმნა მისი ფართო უფლებამოსილების გამო. ამასთან, ასამბლეამ წუხილი გამოთქვა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის გამო.

განსაკუთრებით აღინიშნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი წევრების კომისიაზე დაბარება მათ მიერ საპარლამენტო ასამბლეის წევრის უფლებამოსილების შესრულების გამო და აღინიშნა, რომ ეს ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს”, – წერენ ორგანიზაციები.

არასამთავრობოები მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მკაცრი შეფასება გამოხატონ ოპოზიციონერი ან/და ყოფილი პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლების პოლიტიკურ დევნაზე.

„ასევე, მოვუწოდებთ, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული საერთაშორისო და შიდა ეროვნული სამართლებრივი მექანიზმები „ქართული ოცნების“ რეჟიმის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის – ჩადენილი მასობრივი ადამიანის უფლებების დარღვევებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების შელახვის გამო.

ამასთან, მოვუწოდებთ ეუთო/ოდირს, შემჭიდროებულ დროში დაიწყოს პოლიტიკური პატიმრების სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართვის შესაბამისად”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებათა ცენტრი – HRC;
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი – DRI;
დემოკრატიის მცველები – DemDef;
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი – EGI;
ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრი – EPRC;
თბილისი პრაიდი;
მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი EEMCD;
მწვანე ალტერნატივა;
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR;
პრევენცია პროგრესისთვის;
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია – SOVLAB;
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო – TI;
სამოქალაქო იდეა;
სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის;
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი – CSF;
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – GYLA;
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI;
საქართველოს მომავლის აკადემია;
საფარი;
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი – TDI;
უფლებები საქართველო – RG;
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი – WISG;
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT;
ყვარლის ევროკლუბი;
საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS.