არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან პროტესტის მონაწილეების მასობრივად დაკავებას რეპრესიული კანონების საფუძველზე.
ბოლო რამდენიმე დღეში აღნიშნული კანონების საფუძველზე 70-მდე ადამიანი დააკავეს. მხოლოდ 22 ოქტომბერს დაკავებულია 30-მდე დემონსტრანტი.
„ოცნების“ რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებებით, გზის უკანონოდ გადაკეტვა 15-დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება, განმეორების შემთხვევაში კი გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საქმის წარმოება და 1 წლამდე პატიმრობა.
ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილებების მთავარი მიზნებია:
- გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის შეზღუდვა და ფაქტობრივად მოსპობაც კი;
- მოქალაქეების დაშინება და იძულება, თავი შეიკავონ პროტესტში მონაწილეობისგან;
- თვითცენზურის დონის გაზრდა კრიტიკული აზრის მქონე მოქალაქეებში;
- აქციების ორგანიზატორების და მონაწილეების სისხლის სამართლის დევნის ობიექტებად გადაქცევა;
- ნებისმიერი პროტესტის კრიმინალიზება.
ორგანიზაციების შეფასებით, „რეპრესიული კანონების აღსრულება და დემონსტრანტების დაკავებები ხდება ამორჩევით. განსაკუთრებული სამიზნე არიან საზოგადოებისთვის ცნობადი პირები, აქტივისტები და ჟურნალისტები“.
„სავარაუდოდ, მათ დემონსტრაციულად და ძალის გამოყენებით დაკავებას საზოგადოებაში აქციაში მონაწილეობის შიშის და ტერორის გავრცელების მიზანი აქვს“.
„გუშინდელი აქციის დროს ცალსახად გამოიკვეთა, რომ აკავებენ ტროტუარზე მდგომ მშვიდობიან მოქალაქეებსაც კი, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ახალი რეპრესიული კანონითაც კი არ არის აკრძალული.
პოლიციელების მიერ პირბადიანი ადამიანების დევნამ აბსურდული ფორმაც მიიღო. იყო შემთხვევები, როდესაც პოლიციელებმა გააჩერეს მოქალაქეები, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ეკეთათ პირბადე.
დაკავებულებს შორის არიან ხანდაზმული პირები, მცირეწლოვანი ბავშვის დედები, ჟურნალისტები, მწერლები, მსახიობები, ექიმები და სამოქალაქო აქტივისტები“, – მიუთითებენ ორგანიზაციები.
NGO-ები განსაკუთრებით საგანგაშოდ მიიჩნევენ იმას, რომ ყველა ამ საქმეს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მიერ სანქცირებული მოსამართლეები განიხილავენ, მათ შორის: ზვიად ცეკვავა, მანუჩარ ცაცუა, ნინო ენუქიძე და კობა ჩაგუნავა.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ როგორც ამ არადემოკრატიული კანონების, ასევე მათი აღსრულების ფორმის ერთადერთი მიზეზი არის ხელისუფლების შიში საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მიმართ“, – აცხადებენ ორგანიზაციები.