18 არასამთავრობო ორგანიზაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ხელმომწერი ორგანიზაციები წერენ, რომ სახელმწიფოს მიერ „სათანადო მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიღებული, მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევით ქვეყნის ფარგლებს მიღმა“.
„ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმიანებით პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს. მიგვაჩნია, რომ მისი სათანადო მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიღებული, მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევით ქვეყნის ფარგლებს მიღმა
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ალტერნატიული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამძიმებული, მას აღენიშნება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რომელიც უკავშირდება ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ანორექსია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.
შესაბამისად, პატიმარს დაუყოვნებლივ უნდა გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური მიზანშეწონილების ნებისმიერი მოტივი და შესაბამისმა ინსტიტუციებმა უნდა იხელმძღვანელონ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების უფლების დაცვის სტანდარტით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვითხოვთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს დაუყოვნებლივ გაეწიოს სამედიცინო მომსახურება, რაც აუცილებელია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული კი, გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებებისგან”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- სასამართლოს გუშაგი (Georgian Court Watch)
- პრევენცია პროგრესისთვის
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- ადამინის უფლებათა ცენტრი (HRC)
- კავშირი საფარი
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
მწვანე ალტერნატივა
სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით ბოლო ვიზიტთან შედარებით სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია. დასკვნა 27 აპრილს გამოქვეყნდა.
მათი შეფასებით, სახეზეა მალნუტრიცია, „ცილოვანი შიმშილი“, კუნთის მასის მკვეთრი შემცირება. ნევროლოგ თენგიზ წულაძის თქმით, ამ მდგომარეობის მიზეზი შეიძლება იყოს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია, რამაც მოგვცა საბოლოოდ ანორექსია, მადის დაქვეითება.
მისივე თქმით, მართალია სააკაშვილს ციხეში უტარდება ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გარემო არაა საკმარისი იმისთვის, რომ სრულად ჩატარდეს ნეირო-ფსიქიატრიული და ფიზიკური რეაბილიტაცია.
კონსილიუმის რეკომენდაციით სააკაშვილს სჭირდება სწორი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.
„სად ჩატარდება, ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია“, – ამბობს ექიმი გრიგოლ ხურციძე.