NGO-ები ინსპექტორს მოუწოდებენ პროკურატურას წურწუმიას საქმის გადაცემის მოთხოვნით მიმართოს

პუბლიკა
არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო ინსპექტორს მოუწოდებენ პროკურატურას წურწუმიას საქმის გადაცემის მოთხოვნით მიმართოს. განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 2020 წლის 2 იანვარს, 24 წლის ახალგაზრდის, მურად წურწუმიას მიმართ ჩადენილი დანაშაული, რასაც მისი სიცოცხლე შეეწერა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა გამოიძიოს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის გამოსაძიებელ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ წამების, წამების მუქარისა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის საქმეების გამოძიება. ამავე მუხლის “ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის გამოსაძიებელ საქმეთა კატეგორიას ასევე განეკუთვნება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ჩადენილი ის დანაშაული, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს მას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება. კანონის აღნიშნული ჩანაწერი ნებისმიერ იმ შემთხვევას გულისხმობს, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა სამოქალაქო პირს აღუკვეთა თავისუფლება და არ მისცა თავისფლად გადაადგილების შესაძლებლობა.

„ვერ გავიზიარებთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადების შინაარსს იმის თაობაზე, რომ რადგან პროკურატურა გამოძიებას სხვა მუხლებით აწარმოებს, მათ კომპეტენციას სცდება გამოძიების ჩატარება. სახელმწიფო ინსპექტორს, სწორედ იმიტომ რომ თავიდან აიცილოს სხვა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დანაშაულისთვის არასწორი ან საკამათო კვალიფიკაციის მინიჭების გზით საქმეთა დაქვემდებარება, კანონმდებელი აძლევს უფლებამოსილებას, სრულად გაეცნოს საქმის მასალებს და მიმართოს პორკურატურას საქმის გადაცემის მოთხოვნით. თვალსაჩინეობისთვის, ინსპექტორის სამსახურის მიერ განვითარებულ მსჯელობას თუ გავიზიარებთ, ამ უწყების ქვემდებარე არ აღმოჩნდებოდა გირგვლიანის საქმის გამოძიებაც, რადგან გამოძიება 117-ე, 143-ე და 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარმოებდა“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

 

 

ორგანიზაციები მოუწოდებენ სახელმწიფო ინსპექტორს, გამოიყენოს კანონმდებლობით მის ხელთ არსებული ბერკეტები და საქმის გამოსაძიებლად გადასცემად შესაბამისი მოთხოვნით პროკურატურას მიმართოს, ხოლო მეორე მხრივ პროკურატურამ უზრუნველყოს საქმის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუყოვნებლივ გადაცემა.

განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)