კოალიცია „დემოკრატიული და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, მზია თოდუას, უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგინოს საკონსტიტუციო სასამართლოში უზენაესის კვოტით ასარჩევი ახალი მოსამართლის კანდიდატურა.
„კონსტიტუციის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრიდან 3 წევრს უზენაესი სასამართლო ნიშნავს. სწორედ უზენაესი სასამართლოს კვოტით იყო არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე – მაია კოპალეიშვილი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 5 დეკემბერს ამოეწურა.
კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა უნდა გამწესდეს ახალი მოსამართლე. თუმცა უზენაეს სასამართლოს მაია კოპალეიშვილის შემცვლელი დღემდე არ აურჩევია, რითაც ის კანონის მოთხოვნებს არღვევს. ამაზე კი პასუხისმგებლობა უპირველესად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, მზია თოდუას ეკისრება. სწორედ მისი ვალდებულებაა უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგინოს ახალი მოსამართლის კანდიდატურა.
კანდიდატის მოსამართლედ ასარჩევად საჭიროა დამსწრე წევრთა ხმების 2/3. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უმაღლეს ინსტანციაში მოსამართლეთა რაოდენობა კრიტიკულად არის შემცირებული, თუმცა, პლენუმის გადაწყვეტილება უნარიანობისთვის, მოსამართლეთა მინიმალური ოდენობა დადგენილი არ არის. ამდენად, ეს ფაქტორი ვერ ჩაითვლება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლისა და პლენუმის მხრიდან საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის სათანადო მიზეზად. ამ ეტაპისთვის პლენუმის შემადგენლობაში 12 მოსამართლეა (უზენაესი სასამართლოს 10 მოსამართლე, აგრეთვე თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები.)
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილება 10 წლიანი ვადის ამოწურვისთანავე შეუწყდება და მისთვის უფლებამოსილების გაგრძელება დღევანდელი მოცემულობით დაუშვებელია, მათ შორის მიმდინარე საქმეების დასრულების მიზნით. ამის გათვალისწინებით, გამოკლებული მოსამართლის დროულად ჩაუნაცვლებლობა კონსტიტუციურ მართლმსაჯულებისთვის დამატებითი გამოწვევაა“, – წერია კოალიციის განცხადებაში.