არასამთავრობო ორგანიზაციები აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებენ და რუსული გავლენების გასანეიტრალებლად საქართველოს სპეცსამსახურების უმოქმედობაზე საუბრობენ.
ორგანიზაციების შეფასებით, სუსი მასზე კანონმდებლობით დაკისრებულ ფუნქციას ჯეროვნად არ ასრულებს.
„2023 წლის 14 სექტემბერს აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებულ პირს – ოთარ ფარცხალაძეს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობის გამო სანქციები დაუწესა. სანქცირების შესახებ გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ფარცხალაძის მეშვეობით გავლენას ახდენენ საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
ოთარ ფარცხალაძე წარსულში არაერთხელ იქნა მხილებული სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენაში, თუმცა მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა, რაც, სავარაუდოდ, სწორედ მისი, როგორც ხელისუფლებასთან, ისე მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან მჭიდრო კავშირებით აიხსნება“, – ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, შეშფოთებას იწვევს ფაქტი, რომ ქართულმა საზოგადოებამ ფარცხალაძის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია არა სუსის, არამედ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან გავრცელებული ინფორმაციით მიიღო.
„სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ფარცხალაძის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია ქართულმა საზოგადოებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადებიდან შეიტყო და არა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან (სუს). რთულად დასაჯერებელია, რომ საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ შესაბამის სამსახურებს ამის შესახებ ცნობები არ ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ სანქცირების შესახებ ინფორმაცია ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ ფაქტზე ეფექტიანი რეაგირება ჯერ არ მოუხდენია, რაც, სავარაუდოდ, ფარცხალაძის გავლენებს უკავშირდება. სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადებით, სამსახურმა ინფორმაციის შესწავლა დაიწყო, თუმცა, ცხადია, ასეთ ვითარებაში არ არსებობს სწრაფი და ობიექტური გამოძიების დაწყებისა და წარმოების მოლოდინი. უფრო მეტიც, შემაშფოთებელია, რომ ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული პირები აღნიშნული ფაქტის გადაფარვით არიან დაკავებული.
ფარცხალაძესთან დაკავშირებული მოვლენები იმაზე მიუთითებს, რომ, სუს-ი მასზე კანონმდებლობით დაკისრებულ ფუნქციას ჯეროვნად არ ასრულებს და მმართველ პარტიასა და მისი დამფუძნებლის უახლოეს გარემოცვაში რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლების ჩანერგვა ადვილად ხდება. აღნიშნული ფაქტი საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს.
ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა გამოიყენოს საპარლამენტო კონტროლის ყველა მექანიზმი. სუს-ის უფროსმა ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს კითხვებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს უკავშირდება. ასევე სუს-მა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, კონკრეტულად რა ნაბიჯები იდგმება საქართველოს რუსული სპეცსამსახურების ქსელის გასანეიტრალებლად.
დღეს, როგორც არასოდეს, აშკარაა, რომ საქართველოს სპეცსამსახურები არაეფექტიანი არიან ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაში და საჭიროებენ სერიოზულ რეფორმირებას, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების სექტორში დემოკრატიული კონტროლის ქმედითი მექანიზმების დანერგვას“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები:
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
საზოგადოება და ბანკები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
საფარი
უფლებები საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
დემოკრატიის მცველები
სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (weg)
მედიის განვითარების ფონდი