არასამთავრობო ორგანიზაციები მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან, რომელიც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ლარსის საზღვარზე ჩრდილოეთკავკასიელების სპეციალური და უფრო მკაცრი შემოწმების სავარაუდოდ დისკრიმინაციული გამოცდილებას აჩვენებს.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შექმნას სასაზღვრო შემოწმების თანასწორი და ღირსეული გარემო ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის.
„რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვარი ადვილი გადასალახია და ის ძირითადად სპეციალური შემოწმებისა და ლოდინის გარეშე მიმდინარეობს. სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ საზღვრის კვეთაზე უარის სტატისტიკა რუსეთის მოქალაქეეებთან მიმართებით ძალიან დაბალია. თუმცა, მედიასთან და ჩვენთანაც არაერთი რესპონდენტი განმარტავს, რომ სწორედ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ადამიანები (ან ისინი ვინც მათ გვანან ფიზიკურად სხვადასხვა გარეგნული, რელიგიური და კულტურული ატრიბუტის მიხედვით) საათების განმავლობაში გადიან შემოწმების რთულ და ხანგრძლივ პროცესს მხოლოდ მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ოთახში (#222) და ზოგჯერ გაჭიანურებულ, რამდენიმე დღიან შესწავლასაც კი ექვემდებარებიან. ცხადია, რომ ამ ფონზე ჩრდილოეთ კავკასიელების საზღვარზე შემოწმების სპეციალური და უფრო მკაცრი წესის მოქმედება დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდებს აჩენს“,- ნათქვამია განცახდებაში.
განცხადების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- ადამინის უფლებათა ცენტრი
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)