„კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ სამოქალაქო ორგანიზაციებზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ბოლო პერიოდში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების მიერ გაკეთებული განცხადებები დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი, საარჩევნო საკითხებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“.
კოალიცია აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების გათვალისწინებით, მსგავსი ტიპის კამპანიები და მნიშვნელოვანი საკითხების პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოყენება განსაკუთრებით საფრთხის შემცველია.
გავრცელებულ განცხადებაში საუბარია 20 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, სადაც, კოალიციის განცხადებით, პაპუაშვილი სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს, ბექა მინდიაშვილს თავს დაესხა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამავე ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გაკეთდა მადისკრედიტირებელი განცხადება „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ (SovLab) და „სამოქალაქო იდეის“ მიმართაც.
„რელიგიური თემების და ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, დეზინფორმაცია, უფლებადამცველების და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენელთა სახელმწიფოს, რელიგიის და ეკლესიის მტრებად გამოცხადება არადემოკრატიული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი პრაქტიკაა, საზოგადოებაში პოლარიზაციის ხარისხს კიდევ უფრო ზრდის და ადამიანების რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების რისკებს შეიცავს. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს საპატრიარქომ მიზანშეუწონლად მიიჩნია სტალინის გამოსახულებიანი ხატის ეკლესიაში არსებული ფორმით დატოვება და შესაბამისს ზომებსაც მიმართა, ხელისუფლების მიერ, იმ ორგანიზაციების და პირების წინააღმდეგ იერიში, ვინც პრობლემა გამოავლინა და საბჭოთა ტოტალიტარულ მემკვიდრეობას, როგორც კრემლის დეზინფორმაციის ერთ-ერთ ინსტრუმენტს ებრძვის, აზიანებს პროცესს, რომელიც გარე საფრთხეების წინააღმდეგ საზოგადოების კონსოლიდირებაზე უნდა იყოს მიმართული და არა შიდა დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ბრძოლაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ორგანიზაცია შემაშფოთებლად მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს რელიგიური ორგანიზაციები პოლიტიკური პროცესის აქტიურ მონაწილედ აქციოს, რაც თავად რელიგიური ორგანიზაციების პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და დამოუკიდებლობასაც აზიანებს.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარდა სამოქალაქო ორგანიზაციებისა, კოორდინირებული შეტევის სამიზნე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიც არიან. კოალიცია განსაკუთრებით საგანგაშოდ მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოზე (USAID) თავდასხმას.
„იმ ფონზე, როდესაც ამერიკის მთავრობის და სხვა დასავლური სახელმწიფო და კერძო ფონდების ფინანსური დახმარებით საქართველოში არაერთი საკულტო ნაგებობის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა-შენარჩუნება მოხდა, ასეთი თავდასხმები არაკონსტრუქციულ ხასიათს ატარებს და აძლიერებს კრემლის პროპაგანდისტულ ნარატივს, რომელიც დასავლურ ცივილიზაციას ქართული იდენტობის მტრად სახავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ ასევე აღნიშნავს, რომ „დონორი ორგანიზაციების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ანტიდასავლური ჯგუფის „ხალხის ძალის“, წევრები და პროსახელისუფლებო მედია“.
„ე.წ. „რუსული კანონის“ შესახებ კანონპროექტების მიღებაზე უარის თქმის მიუხედავად, როგორც ჩანს, ხელისუფლება აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დისკრედიტაციისა და ფინანსური მდგრადობის შეზღუდვის მცდელობას, რაც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის შესუსტებას ისახავს მიზნად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული მტრული რიტორიკა არახალია და ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მიზნით, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და კოორდინირებული შეტევის ფაქტობრივად უწყვეტ პროცესს წარმოადგენს.
„როგორც „სამართლიანი არჩევნების“ 2020 და 2021 წლების არჩევნებისთვის სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, ფეისბუქზე მმართველის პარტიის სასარგებლოდ და ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედი გვერდები იმავდროულად უარყოფითად წარმოაჩენდნენ ქვეყანაში სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას. სოციალური მედიის კომპანია Meta-ს მიერ გასული წლის მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ფეისბუქიდან და ინსტაგრამიდან კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში ჩართვის გამო წაშლილი გვერდები/ანგარიშები/ჯგუფები, რომლებიც პროსამთავრობო, მათ შორის „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებულ, კამპანიას აწარმოებდნენ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან იყვნენ დაკავშირებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
კოალიციის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ძლიერი ინსტიტუტის არსებობა მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, მას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ევროინტეგრაციის პროცესშიც.
„ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრულ ნაბიჯებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და მათ ჩართულობას.
2023 წლის 27 ნოემბერს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ დაამტკიცა კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯების განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა, რომელშიც სამოქალაქო ორგანიზაციებთან შეხვედრებსა და ერთობლივ საქმიანობაზეა საუბარი. ამდენად, ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო ორგანიზაციების მადისკრედიტირებელი რიტორიკა ხელს უშლის თანამშრომლურ გარემოს და ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის მიერვე ოფიციალურ დოკუმენტში გაცხადებულ პოლიტიკას“, – ნათქვამია განცხადებაში.
„კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ხელისუფლებას, შეწყვიტოს სამოქალაქო ორგანიზაციებსა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმები და ძალისხმევა მიმართოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის საჭირო რეკომენდაციების შესრულებაზე.