3 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა დაინიშნა, რომელზეც, გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლის დანიშვნის საკითხი განიხილება.
„საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის დანიშვნა საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება პროცესზე საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა მიერ კონტროლის განხორციელება, დაუშვებლად მიგვაჩნია“, – ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციები ერობლივად გავრცელებულ წერილში.
არასამთავრობოების აზრით, მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო, ჯერ კიდევ ინარჩუნებს საზოგადოების მხრიდან ნდობასა და ავტორიტეტს, მოსამართლის არსებულ გარემოებებში და დახურულ კარს მიღმა დანიშვნა, უარყოფითად იმოქმედებს როგორც თავად დანიშნული მოსამართლის, ისე მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციაზე.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა იმავე დღის წესრიგით 31 მარტს იყო დანიშნული, თუმცა მოგვიანებით, გავრცელებული განცხადების თანახმად, ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრიდან 3 წევრს უზენაესი სასამართლო ნიშნავს. სწორედ უზენაესი სასამართლოს კვოტით იყო დანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მაია კოპალეიშვილი, რომელსაც უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2019 წლის 5 დეკემბერს ამოეწურა, თუმცა, უზენაესმა სასამართლომ კანონის მოთხოვნისა და სამოქალაქო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე არ დანიშნა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში პლენუმის სხდომის აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად დანიშვნა, შესაძლოა მოტივირებული იყოს არა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, არამედ პროცესზე საზოგადოებრივი მეთვალყურეობის თავიდან ასაცილებლად.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს, არ დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანამ, სანამ ქვეყანაში არ გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა და ქვეყანა არ დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება დანიშვნის პროცესის საჯაროობა, გამჭვირვალობა და პროცესზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება”. – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
კავშირი „საფარი“
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
თანასწორობის მოძრაობა
ადამიანის უფლებათა ცენტრი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
ევროპის ფონდი