არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, აქტივისტების, ჟურნალისტების სახლებსა და ოფისებთან სიძულვილის წარწერებს აკეთებენ.
უკვე მესამე დღეა, მათ საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებთან, კედლებსა და კარებზე ჩნდება წარწერები „აგენტი”, „მტერი”, „მოღალატე”.
მათ შორის არიან:
- საგამოძიებო მედია „მონიტორის” ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი;
- „მთის ამბების” ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი;
- „რეალპოლიტიკას” მთავარი რედაქტორი ზაზა აბაშიძე;
- საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე;
- ISFED-ის დირექტორი ნინო დოლიძე;
- „ღია საზოგადოების ფონდის” წარმომადგენელი ვანო ჩხიკვაძე;
- „მედიის განვითარების ფონდი”;
- ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი”;
- აქტივისტი ნატა ფერაძე;
- „გირჩი-დროა” და მისი ლიდერები;
დააზიანეს ნინო ზურიაშვილის და ნონა ქურდოვანიძის მანქანებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე არც ერთი განცხადება არ გაუვრცელებია.
„სტუდია მონიტორმა” ამ ფაქტებზე განცხადება გაავრცელა და ტერორად შეაფასა.
„უკვე მესამე დღეა, გრძელდება ხელისუფლების უმოქმედობისგან წახალისებული ტერორი “სტუდია მონიტორისა” და მისი დამფუძნებლის, ნინო ზურიაშვილის წინააღმდეგ.
[..]
ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით მივმართეთ საგამოძიებო უწყებებს.
ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანიზაციები არ რეაგირებენ ჟურნალისტებზე მსგავსი თავდასხმის შემთხვევებზე, გვაფიქრებინებს, რომ ამ ფაქტების მიღმა სწორედ ხელისუფლება დგას.
ჩვენთვის კარგად არის ცნობილი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რუსული სცენარით ანგარიშსწორების ეს მეთოდები, რასაც ბოლო დღეებში მიმართავენ საქართველოში.
მიუხედავად ამისა, სტუდია მონიტორის გუნდი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებებზე მუშაობას.
არა რუსულ კანონს”. – ნათქვამია „სტუდია მონიტორის” განცხადებაში.