NGO-ების ბიუჯეტიდან დაფინანსების სააგენტოს თამარ ზოდელავა უხელმძღვანელებს

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსების სააგენტოს თამარ ზოდელავა უხელმძღვანელებს.

„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შესაბამის ბრძანება 22 აპრილს გამოქვეყნდა.

თამარ ზოდელავა GIZ-ის [გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება] საპარლამენტო პროექტების მენეჯერი იყო. GIZ-ში წლების განმავლობაში მუშაობდა შალვა პაპუაშვილი. ის 2017 – 2020 წლებში GIZ-ის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი იყო.

„ქართული ოცნების” პარლამენტმა 2025 წლის 20 თებერვალს მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი, რომლითაც სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გრანტების გასაცემად სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შეიქმნა.

სსიპ ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონ ლარს გამოყოფს.

პარალელურად „ქართულმა ოცნებამ” მიიღო რამდენიმე კანონი, რომელიც დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას ზღუდავს. მათ შორის, რუსული კანონი – ანუ „გამჭვირვალობის კანონი”, ე.წ FARA და ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში – ამ უკანასკნელის თანახმად, მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტების გაცემა იკრძალება.

„ოცნების“ ანტიდასავლური, კონსპირაციული ნარატივის მიხედვით, უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები დამფინანსებელი დონორების გავლენის ქვეშ ექცევიან და, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, მათ ინტერესს ატარებენ.