NGO-ების ბიუჯეტიდან დაფინანსების სააგენტოს უფროსის ხელფასი 10 585 ლარი იქნება

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ მთავრობამ დაამტკიცა „გრანტის მართვის სააგენტოს“ ბიუჯეტი და საშტატო ნუსხა.

განკარგულებით, სააგენტოს თავმჯდომარის ხელფასი თვეში 10 585 ლარი იქნება; მოადგილის – 8 760 ლარი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის – 7 300 ლარი.

მიმდინარე წელს სააგენტოს ბიუჯეტი (8 თვე) 510 200 ლარია. აქედან თითქმის ნახევარი – 253 200 ლარი – არის შრომის ანაზღაურება.

არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსების სააგენტოს თამარ ზოდელავა ხელმძღვანელობს.

თამარ ზოდელავა GIZ-ის [გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება] საპარლამენტო პროექტების მენეჯერი იყო. GIZ-ში წლების განმავლობაში მუშაობდა შალვა პაპუაშვილი. ის 2017 – 2020 წლებში GIZ-ის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი იყო.

სააგენტო 15 აპრილს შეიქმნა და 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.