NGO-ების დასკვნა მიკერძოებულია და ჩემთვის არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს – გოგა კოხრეიძე

პუბლიკა

„არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნა, რომლებიც პირდაპირ მიკერძოებულები არიან, ჩემთვის არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს“. – ასე გამოეხმაურა კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციების შეფასებებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გოგა კოხრეიძე დიანა ტრაპაიძის „დღის ამბებში“.

ჟურნალისტმა კოხრეიძეს ჰკითხა, თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციები არ აინტერესებს, როგორ აფასებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ობუდსმენის მოსაზრებებს, რაზეც კოხრეიძემ უპასუხა, რომ ყველა მათგანი  ცალმხრივ ინფორმაციას ეყრდნობა. „თუ რომელიმე მათგანი მომიტანს ერთ სიტყვას მაინც, სადაც იქნება ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული, მაშინ ხმას არ ამოვიღებ. რა ინტერესებს ემსახურება ეს დასკვნები, ჩემი შესაფასებელი არ არის“, – განაცხადა მან.

გოგა კოხრეიძემ ნინო ხაჟომიას დანიშვნის მიზანშეწონილობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხაჟომია, რედაქტორობის პარალელურად, საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებასაც გააძლიერებს, რაც, მისივე თქმით, მაუწყებლისთვის გამოწვევაა.

არხის დირექტორმა ახალი ამბების რედაქტორობიდან მაია მერკვილაძის მოხსნის შესახებ აღნიშნა, რომ მან მერკვილაძეს თავისი ტოქ-შოუს გაკეთება შესთავაზა.

„მაია მერკვილაძე არის კარგი კადრი, მაგრამ მასზე არ გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის ღერძი. საინფორმაციო სამსახურში არ მჭირდება გაორებული თანამდებობები. არ იცვლება საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შესაბამისად, არ იცვლება პოლიტიკა. საინფორმაციოს უფროსი ვალდებულია, პასუხი აგოს იმაზე, რაც ხდება საინფორმაციო სამსახურში“, – განაცხადა კოხრეიძემ.

დიანა ტრაპაიძის „დღის ამბებში“ გოგა კოხრეიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ნათია ზოიძის თანამდებობიდან მოხსნის შესახებ და განაცხადა, რომ ზოიძე საინფორმაციო სამსახურის საქმიანობაში უკანონოდ ერეოდა. „ნათია ზოიძესთან შრომითი ხელშეკრულება მე არ შემიწყვეტია. ჩამოართვეს უფლება, რომელიც არაკანონიერად ჰქონდა – საინფორმაციო სამსახურში ჩარევის უფლება“.


გიორგი კოხრეიძე აჭარის მაუწყებლის დირექტორად 2019  წლის ნოემბერში აირჩიეს. კოხრეიძის მისვლის შემდეგ აჭარის მაუწყებელში არაერთი ცვლილება გატარდა, რაც, ჟურნალისტთა ნაწილის შეფასებით, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ემსახურება. კერძოდ, კოხრეიძემ მისვლიდან მალევე ხელშეკრულება შეუცვალა დირექტორის მოადგილეს, ნათია ზოიძეს. ზოიძეს მიაჩნდა, რომ ამ ქმედებით კოხრეიძემ ის სარედაქციო საქმიანობას ჩამოაშორა და ასეთ პირობებში მაუწყებელში საქმიანობის გაგრძელებაზე უარი თქვა.

კოხრეიძემ ცვლილებები შეიტანა საშტატო განრიგშიც, რომელიც შეეხო ახალი ამბების ხელმძღვანელის მოადგილე მაია მერკვილაძესაც. ცვლილებები ბორდმა 19 თებერვალს დაამტკიცა.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლთა ნაწილი დირექტორის მიერ წარდგენილ პროექტს, რომელიც საშტატო განრიგში ცვლილებებს ითვალისწინებს, არ ეთანხმებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ აღნიშნულით დირექტორს სურს, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშოროს ადამიანები, რომლებიც ტელევიზიაში სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტორები არიან.

 აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს საგანგაშოს უწოდებენ არასმთავრობო ორგანიზაციები და მიაჩნიათ, რომ დირექტორი ტელევიზიაში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს.

არაერთი მწვავე განცხადება გამოაქვეყნეს როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებმა. აჭარის მაუწყებელში შეხვედრები გამართეს ჟურნალისტური ქარტიის საბჭოს წარმომადგენლებმაც და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.

მაია მერკვილაძისთვის დაკავებული პოზიციის შეცვლის შემდეგ აჭარის მაუწყებლის დამოუკიდებელი პროფკავშირის წარმომადგენლებმა განაცხდეს, რომ ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცვისთვის ემზადება.