ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ არასამთავრობო სექტორის კრიტიკას ეხმაურება და ამბობს, რომ ოპოზიციაში ყოფნის დროს ივანიშვილს სამოქალაქო სექტორი მოსწონდა.
„მაშინაც, ისევე როგორც დღეს, სამოქალაქო სექტორი იბრძოდა იმისთვის, რომ ჩატარებულიყო სამართლიანი არჩევნები, დაცული ყოფილიყო ადამიანის უფლებები და არ მომხდარიყო ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის დევნა. მაშინდელი ხელისუფლება სწორედ ბიძინა ივანიშვილთან და მის თანამებრძოლებთან მიკერძოებულობაში გვდებდა ბრალს. დღეს მდგომარეობა შემოტრიალდა და ეს ხელისუფლება ცდილობს დაგვაბრალოს საგანგებო მიკერძოება ოპოზიციისადმი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლაც იგივეს ვაკეთებთ, რასაც ვაკეთებდით ყოველთვის. ჩვენი მთავარი დანიშნულება იყო და არის ადამიანის უფლებების დაცვა, ხელისუფლების საქმიანობის და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგი, კორუფციის გამოვლენა და გადაცდომებზე მითითება, რაც შეიძლება არ მოსწონდეს ხელისუფლებას“,- აცხადებს ხუციშვილი.
ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ნაცვლად ობიექტური კრიტიკის მიღებისა, ივანიშვილს ურჩევნია ყველა ერთად ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულოს, მოახდინოს სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია, იმისათვის, რომ დააკნინოს და ფასი დაუკარგოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიუკერძოებელ შეფასებებს.
„არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროებას ხელისუფლება იწყებს მაშინ, როცა ის იწყებს სვლას ავტოკრატიისკენ”- აცხადებს ქეთი ხუციშვილი.
„კიდევ გვაქვს პატარა გეგმები, რომ დავარწმუნოთ და ვაჩვენოთ ვაშინგტონს, რა ხდება აქ და თუ არ გამოვიდა, არ გამოვრიცხავ, რომ ღია წერილით მივმართ აშშ-ის კონგრესსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საჯაროდ ავუხსნა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ ამერიკის ინტერესებს, ამერიკის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები აზარალებენ საქართველოში“, – ასე შეაფასა საქართველოში არასამთავრობო სექტორის საქმიანობა პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში.