„ჩვენ გვახსენით და გამჭვირვალე პროცედურა წარვადგინეთ და მათ დახურულად, კლანურად შეარჩიეს სამი კანდიდატი“, – ასე ეხმაურება მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე NGO-ების მიერ წარდგენილ ომბუდსმენობის კანდიდატებს.
მას ასევე დასძინა, რომ ამ NGO-ებს არავითარი ლეგიტიმაცია არ აქვთ და რომ ისინი უბრალოდ ყველაზე მდიდარი NGO-ები არიან.
„რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, შეფასებას სამი კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით, წარმოიდგინეთ, ჩვენ ვართ ხელისუფლება და ჩვენს ხელშია ხალხის მიერ მონიჭებული ძალაუფლება, ლეგიტიმაცია და ჩვენ გავხსენით ეს პროცესი და ამ დროს არიან აბსოლუტურად ლეგიტიმაციას მოკლებული NGO-ები, არც არჩევნებში მონაწილეობენ, არც არაფერი, არავითარი ლეგიტიმაცია ამ NGO-ებს არ აქვთ, უბრალოდ არიან ყველაზე მდიდარი NGO-ები და ისინი მოქმედებენ ყოველთვის კლანური პრინციპით, რაც ჩვენ გვახსოვს მთელი ამ წლების განმავლობაში. ამ შემთხვევაშიც მათ იმოქმედეს კლანური პრინციპით, ჩვენ გახსნილი პროცედურა შევთავაზეთ ყველას, ყველა სუბიექტს და საზოგადოებას, მათ ჩაკეტილი პროცედურით, აბსოლუტურად დახურული პროცედურით, შეარჩიეს გაუგებარი კრიტერიუმებით სამი კანდიდატი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, NGO, რომლებიც ხელისუფლებას უნდა მოუწოდებდნენ გამჭვირვალე და ღია პროცესისკენ, თავადვე აირჩიეს დახურული და გაუმჭვირვალე პროცედურები.
როგორც ირაკლიმ კობახიძემ აღნიშნა, NGO-ების მიერ შემოთავაზებული სახალხო დამცველი კანდიდატების შესახებ ხელისუფლებას „ნულოვანი პოზიცია“ აქვს.
„დახურული პროცედურით წარმოდგენილ კანდიდატებს ჩვენ ვერანაირ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებთ, თუ იგივე კანდიდატები ან მათი ნაწილი ამ პროცედურის საფუძველზე მიღებს ქულებს და დასახელდებიან, მაშინ შეიძლება ვიმსჯელოთ ამაზე, მაგრამ დახურული წესით შერჩეულ კანდიდატებზე, კლანური პრინციპით შერჩეულ კანდიდატებზე, რა თქმა უნდა, ვერ ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენობის კანდიდატებად გიორგი ბურჯანაძე, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა აბაშიძე დაასახელეს.