NGO-სექტორის სიკვდილი არ არის ჩვენი მიზანი. ვნახავთ ინიციატივის შინაარსს, შემდეგ ვიმსჯელებთ - კობახიძე „ხალხის ძალის“ განცხადებაზე

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ NGO სექტორთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ დღევანდელ განცხადებაზე მას შემდეგ იმსჯელებენ, რაც საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დარეგისტრირდება.

„როდესაც ხალხის ძალა აქვეყნებს წერილებს, ჩვენ ამ წერილებზე კომენტარს ვერ ვაკეთებთ… არ ვიცით, რა ინიციატივა აქვთ. როცა იქნება წარმოდგენილი, რეგლამენტის მიხედვით განიხილება ნებისმიერი ინიციატივა, მათ შორის, ესეც.

მე წავიკითხე, ისინი ამბობენ, რომ საუკეთესო დასავლური პრაქტიკის მიხედვით რაღაცა უნდათ, შემოგვთავაზონ. ვნახავთ, რა არის ეს, რამდენად შეესაბამება დასავლურ პრაქტიკას და ვიმსჯელებთ.

NGO სექტორის სიკვდილი არ არის ჩვენი მიზანი. ვნახავთ რა არის ინიციატივის შინაარსი, ამის მიხედვით ვიმსჯელებთ. არავის არავის სიკვდილი არ უნდა“, – განაცხადა მან.


„მიგვაჩნია, რომ უცხოეთიდან ენჯეოების დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის. ამდენად, ენჯეოების დაფინანსება არათუ არავინ უნდა დაგვამადლოს, პირიქით, ეს დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ჩვენს წინადადებებს, საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოვამზადებთ“, – განაცხადა 18 ნოემბერს „ხალხის ძალამ“.