ნორვეგიული არასამთავრობო ორგანიზაცია „ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი” ეხმაურება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიერ თავისუფალი მედიის ჯილდოს მიღებას და აცხადებს, რომ მზიას საქმე არის დამოუკიდებელი, სიმბოლო კრიტიკული ხმების მიმართ შევიწროების, დაშინებისა და რეპრესიების ფართო კამპანიისა, როგორიც საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ არ გვინახავს.
ჯილდოზე მზია ამაღლობელი სწორედ „ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა” წარადგინა.
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი წერს, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების, ანუ 1991 წლის შემდეგ პირველად პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა იზრდება.
„ყველა, ვინც პროტესტში მონაწილეობს: სტუდენტები, ჟურნალისტები, ექიმები, ხელოვანები, პოლიტიკოსები, დაპატიმრებულები არიან ყალბი საბაბით. რეპრესიები არავის განარჩევს: ბოლოს პროტესტში მონაწილეობისთვის დააკავეს აფხაზეთიდან დევნილი, 71 წლის კაცი.
მედიისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრის (CMIS) მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტებისა და მედიების მიმართ შევიწროების სულ მცირე 434 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის იყო ფიზიკური ძალადობის 122 შემთხვევა.
2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც თან ახლდა გაყალბება, დაშინება და ძალადობა, რეპრესიების ეს ტალღა „ქართული ოცნების” სასოწარკვეთილი მცდელობაა, ჩაახშოს საპროტესტო აქციები, რომელიც უკვე 349 დღეა, უწყვეტად გრძელდება”. – ნათქვამია ჰელსინკის კომიტეტის განცხადებაში.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები ერთი წლის წინ დაიწყო, როცა „ქართულმა ოცნებამ” შეაჩერა მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მაშინ, როცა მას საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ემხრობა.
„ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი” წერს, რომ მას შემდეგ „ქართულმა ოცნებამ მიიღო არაერთი კანონი პროტესტის შემცირებისა და კრიმინალიზების მიზნით, მათ შორის, 16 ოქტომბერს დაჩქარებული წესით დაამტკიცა კანონი, რომელიც აქციაზე სახის დაფარვის შემთხვევაში პატიმრობას ითვალისწინებს.
ორგანიზაცია ასევე ხაზს უსვამს „ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით, ამავე დროს კი სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ.
„ამ კანონების მიზანი ნათელია – ისინი მიზანში იღებენ რიგით მოქალაქეებს და ძირს უთხრიან ადამიანის ძირითად უფლებებს”. – აცხადებს „ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის” გენერალური მდივანი ბერიტ ლინდენმანი.
ორგანიზაციის განცხადებაში ასევე წერია, რომ 100-ზე მეტი დემონსტრანტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს გზის გადაკეტვისა და ნიღბის ტარების გამო.
„ქართულმა ოცნებამ“ ყურადღება უნდა მიაქციოს ქართული საზოგადოების ნათელ მოთხოვნას – დარჩეს ევროკავშირის გზაზე”. – წერს კომიტეტი.
გენერალური მდივანი ლინდენმანი კი დასძენს, რომ „ოცნებამ” უნდა გააუქმოს ფუნდამენტური უფლებების შემზღუდავი კანონები, გაათავისუფლოს ყველა ადამიანი, რომელიც დაკავებულია გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელებისთვის და უზრუნველყოს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების დაშინებაში ან შეურაცხყოფაში პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში მიეცნენ”.
„რეპრესიების ზრდის ფონზე გარკვეული იმედი მაინც რჩება – სამოქალაქო წინააღმდეგობა გრძელდება და ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა, უარს ამბობს დანებებაზე”. – აცხადებს ბერიტ ლინდენმანი.