ნიდერლანდების სამეფოს ელჩის, მელინე არაკელიანის თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომ საქართველო კვლავ მიიწევს ევროკავშირის გზაზე, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ის ამბობს, რომ წევრობის განაცხადით ქვეყანა თანხმობას ამბობს, შეასრულოს წევრობის კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება.
„ევროკომისიამ კვლავ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. არ ვიცი, ამაზე უფრო გარკვევით როგორ შეგვიძლია ვთქვათ. ასე რომ, ნებისმიერი განცხადება, რომ საქართველო კვლავ მიიწევს ევროკავშირის გზაზე, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს არავინ აიძულებს გახდეს ევროკავშირის წევრი. გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება საქართველოს გადაწყვეტილება იყო, მაგრამ წევრობის განაცხადით ქვეყანა თანხმობას აცხადებს, შეასრულოს წევრობის კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. ევროკავშირის წევრობის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და უმცირესობების დაცვა”, – ამბობს ნიდერლანდების ელჩი.
ელჩმა ისაუბრა რუსულ კანონსა და ჰომოფობიურ კანონზეც, რომლებიც მისი თქმით, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც საქართველოს ევალება. მისივე თქმით, ბოლო თვეებში ნახეს ბევრი შეცდომაში შემყვანი და მტრული რიტორიკა ევროკავშირის შესახებ საქართველოში მაღალი დონის ოფიციალური პირებისგან.
„თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრუნება, დასაწყისისთვის, მან უნდა გააუქმოს ეს კანონები, რასაც მას ევროკავშირი აშკარად მოუწოდებს. მაგრამ საქართველოს ასევე მოუწევს იმ ცხრა ნაბიჯის შესრულება, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შემდეგ ეტაპზე გადასვლის პირობაა. ბურთი მართლაც საქართველოს მოედანზეა, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, საქართველოს მთავრობასთან ნდობის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება“, – თქვა მელინე არაკელიანმა.