ნიდერლანდებმა საქართველოს ინფიცირების „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ სტატუსი მიანიჭა

პუბლიკა

ნიდერლანდების საელჩო საქართველოში ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ 8 აგვისტოდან, ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მიენიჭება ინფიცირების „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ (a very high-risk area) სტატუსი.

„თუმცა საქართველოსთვის კვლავ ძალაში დარჩება „ნარინჯისფერი კოდი“ და მას არ მიენიჭება „წითელი კოდი“.

ეს ნიშნავს, რომ 8 აგვისტოდან საქართველოდან ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შემსვლელმა ყველა მგზავრმა უნდა წარადგინოს როგორც სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ასევე – კოვიდ-19-ზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი (სრულად ვაქცინაცია + PCR-ტესტი).

გარდა ამისა, საქართველოდან ნიდერლანდებში შემოსული მგზავრების მიმართ იმოქმედებს სავალდებულო 10-დღიანი იზოლაცია/კარანტინი, რომელიც ეხება ყველას, მათ შორის ვაქცინირებულ მგზავრებსაც. იზოლაციაში მყოფ მგზავრს შეუძლია, მე-5 დღეს ჩაიტაროს ტესტირება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მოეხსნება იზოლაცია“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.