უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

პუბლიკა

უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

შეთანხმების მიხედვით, ნიდერლანდები უკრაინას 2 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს. დოკუმენტი ითვალისწინებს სამომავლო 10-წლიან დახმარებასაც.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე უკრაინის ქალაქ ხარკოვში დღეს ჩავიდა და საკუთარი თვალით ნახა რუსული აგრესიის შედეგად განადგურებული ქალაქი, მან ასევე პატივი მიაგო ომის შედეგად დაღუპულების ხსოვნას.

„დღეს მე და მარკ რუტემ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ. დოკუმენტი ნიდერლანდების მხრიდან უკრაინისთვის ორი მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს, ასევე შემდგომ დამხარებას თავდაცვის სფეროში 10 წლის განმავლობაში.

შეთანხმება ასევე ადგენს დახმარების პრიორიტეტებს, რაც გულისხმობს საჰაერო თავდაცვას, არტილერიას, საზღვაო და შორი დისტანციური საშუალებებს, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება უკრაინის საჰაერო ძალების გაძლიერებაზე“, – დაწერა ზელენსკიმ.

მანამდე, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება იტალიასთან, კანადასთან, დანიასთან, ბრიტანეთთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან გააფორმა.