სასამართლომ ნიკა ბერიძე და თენგო სვანიძე სიტყვიერი გაფრთხილებით გაათავისუფლა, სანდრო მეტრეველს 2300-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა.

„წიგნების თაროს“ მონაწილეები ნიკა ბერიძე და თენგო სვანიძე სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო სანდრო მეტრეველს მოსამართლემ 2300 – ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

„ტროტუარზე ვიმყოფებოდი, როცა გაფრთხილების გარეშე, 10 კაცამდე ჩქარი ნაბიჯებით ჩვენს წინააღმდეგ დაიძრა. მათი მიზანი იყო ვინმეს დაკავება. არაფერი დამიშავებია. პოლიციელებმა წარმოადგინეს ჩვენებები, რომელიც ერთმანეთთან შეუსაბამო იყო. შესაბამისად, მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან სიტყვიერი გაფრთხილებით გამათავისუფლა“, – განაცხადა ნიკა ბერიძემ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.

სანდრო მეტრეველის ადვოკატის ნინო ლომინაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაზიანებები აღენიშნება.

„ჩვენ საგამოძიებო ორგანოსაც მივაწოდეთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. დაკავებისას მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა. ედავებიან პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას“, – განაცხადა ადვოკატმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.