ნიკა გვარამია ამბობს, რომ „კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრები "ოცნების" საპარლამენტო კომისიაზე არ მივლენ

პუბლიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ  მათი წარმომადგენლები, არ მიიღებენ მონაწილეობას „ივანიშვილის მიერ შექმნილ ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში”.

გვარამიას თქმით, ეს კომისია არალეგიტიმური და უკანონოა ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტი.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ პროცესის მიზანია „ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან ყურადღების გადატანა რუსულ პროპაგანდისტულ თემებზე, რაც არა ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, არამედ მხოლოდ რუსი ოლიგარქის ინტერესია”.

გვარამია ამბობს, რომ არ აპირებენ “ოლიგარქს ამის შესაძლებლობა მისცენ”.

იგი მხარდაჭერას უცხადებ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებმაც უარი განაცხადეს კომისიაში მონაწილეობაზე.

ნმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე დღეს არ გამოცხადებულა „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც. სხდომაზე მისვლაზე უარს ამბობს ბადრი ჯაფარიძეც. კომისია სხდომაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით ხაზარაძის უარს პროკურატურას გადასცემს.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას ან პატიმრობას ერთ წლამდე.

კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, კომისიის სამდივნომ მამუკა ხაზარაძეს რამდენიმე დღის წინ ტელეფონით შეატყობინა დაბარებისა და განსახილველი საკითხის შესახებ, რაც ხაზარაძემ გაიკვირვა და სამდივნოს წერილობითი შეტყობინების გაგზავნა შესთავაზა.

წულუკიანის თქმით, სამდივნომ ხაზარაძეს „ვათსაფშსა“ და „სიგნალში“ შეატყობინა წერილობით, რომ მიწვეული იყო კომისიის სხდომაზე შპს „მაგნატის“ საკითხთან დაკავშირებით.

„მან სულ რამდენიმე წუთის წინ, როცა ბატონი ჯემალ ლეონიძე საუბრობდა, რომ ხაზარაძემ, ჯაფარიძემ და სხვებმა დაამყარეს მასთან კონტაქტი და [ხაზარაძე-ჯაფარიძემ] უნდა ახსნან რამდენიმე ეპიზოდი, ამ პროცესში რომ ვიყავით, ბატონმა მამუკამ გამოაქვეყნა ფბ პოსტი… დასანანია, რომ ბატონი მამუკა, იმ დიდი უბედურების ფონზე, რასაც გვიამბობდა ბატონი ლეონიძე, მორიგჯერ შეურაცხყოფს და უწოდებს კომისიას ცირკს…  ბატონი მამუკას შემთხვევაში, მან რეალურად თავისი ფბ პოსტიდან გამომდინარე აღარ დაგვიტოვა კითხვის ნიშანი, აპირებს თუ არა მოსვლას და ხომ არ მოიცლის სხვა დროს… მინდა, შემოგთავაზოთ, კენჭისყრაზე დავაყენოთ ბატონი ხაზარაძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის საკითხი“, – თქვა წულუკიანმა. ამ საკითხს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.