პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გადაწყვიტა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართოს მას შემდეგ, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპურლმა სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო.
„ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომლის მანდატი მთელ მსოფილოზე ვრცელდება და რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. კომიტეტის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა საქართველოსთვის და მის პრაქტიკაში მრავლადაა საქმეები, სადაც სტრასბურგის გადაწყვეტილება (მით უმეტეს, ერთი მოსამართლის გადაწყვეტილება დასაშვებობაზე) სრულიად უგულვებელყოფილია და სხვა შინაარსის დასკვნებია გაკეთებული“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
ნიკა გვარამიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო. საქმე ეხება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებას – 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“ ედავებოდა.
მაშინ ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად შეაფასეს.
გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ აშშ-ის საელჩომ ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ისვე დაფინანსებული სასწავლო პროგრამიდან მოხსნა.
2023 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.