ნიკა გვარამია: მოთმინებით და მტკიცედ ველოდები ჩემი საქმის განხილვას სტრასბურგის სასამართლოში

პუბლიკა

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს, სადაც იგი მოუწოდებს უზენაეს სასამართლოს დროულად გამოიტანოს „ყველასთვის წინასწარ ცნობილი განაჩენი“.

„მოთმინებით და მტკიცედ ველოდები ჩემი საქმის განხილვას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. მოვუწოდებ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, დროულად დაასრულოს ჩემი საქმის განხილვა. ცხადია, გამართლების მოლოდინი არც მაქვს და ვერც მექნება. ერთადერთი, ვთხოვ, დროზე გამოიტანონ წინასწარ ყველასთვის ცნობილი განაჩენი, რომ შევძლო მივმართო სტრასბურგის სასამართლოს და იქ ვიბრძოლო საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.

წარმატებულ ბრძოლას ვუსურვებ ყველას, ვინც იბრძვის თავისი სიმართლისთვის და სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. წარმატება გმირ უკრაინელ ხალხს და უკრაინაში მებრძოლ ქართველებს. გამარჯვება აუცილებლად მოვა!” – წერს გვარამია.


2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 220-ე მუხლით, ორ ეპიზოდში: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტლებით, სასჯელის ზომა – 3 წელი და 6 თვე, ძალაში დარჩა, თუმცა საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, საპატიმრო სასჯელი გვარამიას ერთი ეპიზოდის ნაცვლად, ორ ეპიზოდზე მიესაჯა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ კვლავ გააქტიურდა დისკუსია პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. მედიის ადვოკატირების კოალიციამ, ისევე როგორც სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ.