ნიკა გვარამია „მთავარი არხის" წილს და თანამდებობას ოფიციალურად თმობს

პუბლიკა

„მთავარი არხისა“ და მოძრაობა „ახალის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ტელევიზიაში თავის წილსა და თანამდებობას ოფიციალურად თმობს. ცვლილებების დასარეგისტრირებლად შესაბამისი მოთხოვნა საჯარო რეესტრში გუშინ, 27 თებერვალს შევიდა.

წარდგენილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „მთავარი არხის“ პარტნიორთა კრება გაიმართა და კრების ოქმის მიხედვით, გვარამია თავის 12%-იან წილს თავის ცოლს, სოფო ლილუაშვილს გადასცემს. საჯარო რეესტრის მიერ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში კი ტელევიზიის გენერალური დირექტორი – გიორგი გაბუნია გახდება, რომელიც ამ მოვალეობას ნიკა გვარამიას დაპატიმრების დღიდან ასრულებს.

გარდა ამისა, კრების ოქმის მიხედვით, მეწილეებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ „მთავარ არხს“ გენერალური დირექტორის გარდა, ორი დირექტორი ჰყავდეს. ამ თანამდებობებს გიორგი ქურდაძე და მანუჩარ ახალაია დაიკავებენ.

ცვლილებების ასახვის შემდეგ „მთავარი არხის“ მეწილეები იქნებიან:

  • სოფო ლილუაშვილი – 12%;
  • გიორგი რურუა – 2,5%;
  • „საქართველოს უნივერსიტეტი“ – 2%;
  • ნიკოლოზ სისაური – 3%;
  • BGIM (ზაზა ოქუაშვილი) – 39,6%;
  • ბაკურ ჯახაია  – 37%;
  • „ომეგა მოტორს ჯგუფი“ – 0,2%;
  • „ომეგა მოტორს თბილისი“ – 0,2%;
  • თეიმურაზ ვასილიძე – 1%;
  • მარი ანნა რურუა – 2,5%.

„მთავარ არხში” წილისა და თანამდებობის ოფიციალურად დათმობას სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიაც ეხმაურება.

„მთავარი არხის დირექტორის თანამდებობას ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღარ ვასრულებ (არც ციხიდან ვასრულებდი, ცხადია). დირექტორის მოვალეობას შესანიშნავად გაუმკლავდა გიორგი გაბუნია და ის უკვე ოფიციალურად დაინიშნა არხის დირექტორად. ძალიან დიდი მადლობა არხის ყველა დამფუძნებელს ერთსულოვანი გადაწყვეტილებისთვის.

რაც შეეხება ჩემს 12%იან წილს მთავარში, იგი არაა თავსებადი პარტიულ თანამდებობასთან, რომელსაც უახლოეს დღეებში დავიკავებ. ამიტომაც კანონის მოთხოვნა დავიცავი და წილი ჩემს სოფოს გადავუფორმე. წარმატებები მთავარს, დანარჩენზე – შემდეგ კვირაში”, – წერს გვარამია.