ნიკა გვარამია „რუსთავი 2-სგან“ კომპენსაციის სახით 5 მლნ დოლარს მოითხოვს

პუბლიკა

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2-სგან“ კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს მოითხოვს. ამის შესახებ ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გათავისუფლებით ქიბარ ხალვაშმა კონტრაქტი დაარღვია და სწორედ „ხელშეკრულების უხეში დარღვევის“ გამო მიმართავს ის ტელეკომპანიას.

„ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-თან“ აკავშირებდა სასამსახურო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მისი გათავისუფლება თანამდებობიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე იყო აკრძალული იმიტომ, რომ ამ ვადით იყო ის თანამდებობაზე დანიშნული და ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშის მიერ გათავისუფლდა თანამდებობიდან ამ ხელშეკრულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რის გამოც ნიკა გვარამიას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება 5 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით.

ეს არის ზიანი, რაც მას მადგა რუსთავი 2-ის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევით. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ოფიციალურად, წერილობით ვაცნობოთ „რუსთავი 2-ს “ჩვენი პოზიცია და დაველოდოთ მათ პასუხს”, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.