ნიკა გვარამია სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს

პუბლიკა

„მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სუსში დაიბარეს, – როგორც „პუბლიკას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მას უწყება უკვე გადაცემული აქვს, მისი გამოკითხვა სავარაუდოდ ორშაბათს გაიმართება.

სუსში აცხადებენ, რომ ის გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ორშაბათს, 15 ივნისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაიბარეს, რომლის მიხედვითაც დაკავებულია რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში.


„მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, 2020 წლის 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

აღნიშნული, სავარაუდოდ, უკავშირდება 2019 წლის 7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გიორგი გაბუნიას მხრიდან რუსეთის პრეზიდენტის – ვლადიმირ პუტინის გინებას. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა თავად ვლადიმერ პუტინიც.

ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით განცხადებაც გაავრცელა.

უწყების თქმით, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

„ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა”, – აცხადებდა სუსი.