ნიკა გვარამია ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს

პუბლიკა

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს.

ამის შესახებ გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილისთვის ჩემი შეწყალება არ მითხოვია, მაგრამ ახლა მივცემ თავს უფლებას და ვთხოვ პირველად, არასდროს მითხოვია მისთვის არაფერი, ახლა ვაძლევ თავს უფლებას, პირდაპირი ეთერიდან ვთხოვ, რომ მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით.

იმიტომ, რომ ადამიანი შეიძლება მოკვდეს. ის არ არის კარგად, მიუხედავად იმისა, რომ უკეთ გამოიყურება, უკეთესად ლაპარაკობს, ის არის პატიმარი, ის არის პატიმარი პრეზიდენტი და სალომე ზურაბიშვილმა მიიღო მინიშნებები, რომ შეიძლება ისიც გახდეს პატიმარი პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნება“ ამას ვერ იზამს, იმიტომ, რომ არ იქნება მაგ დროს, მაგრამ ეს მინიშნებები მიიღო, უნდა გაარღვიოს ეს წრე, აღიაროს შეცდომა და გადააბიჯოს იმ „არა და არასდროს“ და სააკაშვილი გაათავისუფლოს“, – ამბობს გვარამია.

25 ოქტომბერს

სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სამედიცინო კონსილიუმმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა.

ომბუდსმენის ცნობით, ექიმთა ჯგუფი „ვივამედში“ 19 ოქტომბერს მივიდა. მათ სააკაშვილი ფიზიკურად გასინჯეს, გაეცნენ სამედიცინო მასალებს და გაესაუბრნენ პერსონალს.

ექსპერტები ასკვნიან, რომ სახეზეა გარკვეული დადებითი დინამიკა, თუმცა უცვლელი რჩება კუნთთა ატროფია, ნეიროპათია, კოგნიტური გაუარესება. მათი დასკვნით, პაციენტს სჭირდება „მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობა“.